Windows 10: ახალი სენსორული კლავიატურა — GIF-ები, ემოჯიები და ტექსტის ხმით აკრეფა
მაიკროსოფტი საკუთარი ოპერაციული სისტემის, Windows 10-ის ჩაშენებული სენსორული კლავიატურის ფუნქციების განახლებას აპირებს. სენსორული კლავიატურის განახლებული დიზაინი დაფუძნებულია Windows 10X-ის გამოცდილებაზე, რომელიც დაჭერისას ახალ ანიმაციებს, ხმებს და GIF ფაილების მოძებნასა და ტექსტში ჩასმის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
მაიკროსოფტმა ახალი ფუნქციონალი WonderBar-ში გააერთიანა, რომელიც თავდაპირველად Windows 10X-ში გამოჩნდა და ტექსტის აკრეფის ოპტიმიზირებულ გამოცდილებას და გამოტოვების კლავიშის საშუალებით კურსორის გამოყენების შესაძლებლობას მოიცავს. გამოტოვების კლავიშის კურსორად გამოყენების ფუნქცია iOS-ის მომხმარებლებისთვის სიახლე არაა.
კლავიატურის გარდა მაიკროსოფტი საკუთარი ემოჯიების კოლექციას ანახლებს. Windows + დაშორების კლავიშის კომბინაციით გამოძახებული ემოჯიების პანელი სულ მალე მიიღებს გაუმჯობესებულ დიზაინს, რომელიც დაფუძნებული იქნება მაიკროსოფტის ახალ Fulent Design-ზე. ემოჯის ძიება, GIF-ების მხარდაჭერა, ბუფერი და ემოჯის აკრეფა ერთიან ინტერფეისში მოექცევა.
კლავიატურასა და ემოჯის პანელის გაუმჯობესებასთან ერთად მაიკროსოფტმა დააანონსა Windows-ში ტექსტის ხმით აკრეფის ფუნქცია. ძველი ხმოვანი აკრეფის ფუნქცია შეერწყა ახალს და გადამუშავდა. ფუნქციამ მიიღო თანამედროვე ინტერფეისი და სასვენი ნიშნების ავტომატური დასმის მხარდაჭერა. გარდ ამისა, განახლდა ფუნქციის ბექენდი, რაც, მაიკროსოფტის თქმით, მას Windows-ზე ტექსტის ხმით აკრეფის ყველაზე სანდო ფუნქციად აქცევს.
ამჟამად ყველა აღნიშნული სიახლე Windows 10-ზე გადის ტესტირებას Windows Insider წინასწარი შეფასების პროგრამის ფარგლებში და ხელმისაწვდომია Dev არხით გავრცელებულ ოპერაციული სისტემის ბოლო ანაწყობში. ეს ცვლილებები საბოლოოდ გახდება უფრო მსხვილი განახლების ნაწილი, რომელსაც სისტემა 2021 წლის პირველ ნახევარში მიიღებს.
კომენტარები