Unilever თავისი საწმენდი საშუალებებიდან ნავთობქიმიკატებს სრულიად ამოიღებს
კომპანიამ Unilever პირობა დადო, რომ თავისი საწმენდი საშუალებებიდან ბუნებრივი წიაღისეულის მინარევებს 2030 წლის ბოლომდე სრულიად ამოიღებს. აღნიშნული კომპანია მომხმარებლისათვის თავისი პროდუქციით — Domestos, Cif, Persil, Dove — არის ცნობილი.
ამ ნაბიჯით კომპანია ცდილობს, გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფა შეამციროს. სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელს თავისი პირობის შესასრულებლად $1.2 მილიარდის დახარჯვა მოუწევს.
ამჟამად Unilever თავის პროდუქციაში ნავთობქიმიკატებს აქტიურად იყენებს. ახალი გეგმით, ისინი ამ მინარევებს მცენარეებისა და ზღვის წყალმცენარეთაგან მიღებული ნივთიერებებით ჩაანაცვლებენ. როგორც კომპანიის მესვეურები აღნიშნავენ, მათ საწმენდ საშუალებებში გამოყენებულ ნავთობპროდუქტებზე უარის თქმა გარემოს დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
Unilever ფრანგულ-ნიდერლანდური კომპანიაა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე მათ საწმენდ საშუალებებზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა.
"ხალხს ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი პროდუქტი უნდა, რომელიც თავისი ხარისხით ამჟამინდელ საშუალებებს არ ჩამოუვარდება", — აღნიშნავს პეტერ ტერ კულვე, კომპანიის საოჯახო პროდუქციის მიმართულების პრეზიდენტი.
კომპანიის განცხადებით, მათ მიერ გამოყოფილი $1.2 მილიარდი ბიოტექნოლოგიების კვლევასა და ადვილად დაშლადი თუ წყლის დამზოგველი პროდუქციის შექმნაზე დაიხარჯება.
აღნიშნული განცხადება Unilever-ის მიერ წარდგენილი "სუფთა მომავლის" ინიციატივის პირველი ეტაპი გახლავთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ 2039 წლისათვის ნახშირბადის გარემოში გამოყოფის სტატისტიკა 0-მდე უნდა დაიყვანოს და სრულად ნახშირბად-ნეიტრალურ კომპანიად ტრანსფორმირდეს.
კომენტარები