კემბრიჯის უნივერსიტეტი აშშ-ის თეთრი სახლის, ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკისა და სხვა დაწესებულებების ინიციატივას შეუერთდა და Google-ის ხელოვნების და კულტურის ვებგრედზე ძველი ხელნაწერები და წიგნები ატვირთა.

ეს ონლაინ ბიბლიოთეკა ყველაზე ძველ ხელნაწერსაც შეიცავს, რომელიც თიხის ფირფიტაზეა გაკეთებული და 4 ათასი წლის წინ შეიქმნა.

ფოტოები ძალიან კარგი ხარისხისაა და ნაწერების უკეთ წაკითხვისთვის გამოსახულების გადიდება შეგიძლიათ.

"იმის გამო, რომ მოგზაურობა ამჟამად ძალიან შეზღუდულია, Google-თან პარტნიორობა ნათელი მაგალითია, რომ ბიბლიოთეკაზე წვდომა მილიონობით დაინტერესებულ ადამიანს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია", — ამბობს კემბრიჯის ბიბლიოთეკარი ჯესიკა გარდნერი.

მეჩვიდმეტე საუკუნის ატლასის ილუსტრაცია, რომელზეც ციური სხეულების სიდიდე დედამიწასთან მიმართებითაა გამოსახული.

ფოტო: Cambridge University Library

Google Arts and Culture-ის ონლაინ ბიბლიოთეკა ექვს მილიონ სხვადასხვა წიგნს, ნაწერს და სურათს შეიცავს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მისია მსოფლიოს კულტურული სიმდიდრის შენახვაა და რომ ამ მემკვიდრეობაზე წვდომა ყველას უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება საკუთრივ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, ის დაახლოებით 600 წლის წინ დაარსდა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა წიგნს შეიცავს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში 1710 წლის მერე გამოქვეყნდა.

ამჟამად კემბრიჯის უნვიერსიტეტიდან გუგლის გვერდზე 140 ფოტოა განთავსებული. თუმცა, მომავალში ეს რიცხვი გაიზრდება.