ამაზონის თანამშრომლებმა ჯეფ ბეზოსის საცხოვრებლის წინ გილიოტინა მიიტანეს
ვაშინგტონში 100-ზე მეტმა დემონსტრანტმა ჯეფ ბეზოსის სახლის წინ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა და ამაზონის ხელმძღვანელის კართან გილიოტინა დააყენა.
საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯეფ ბეზოსის ქონებამ $200 მილიარდს გადააჭარბა, რამაც ის ისტორიაში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია. იანვრიდან მოყოლებული მისი ქონება $85 მილიარდით გაიზარდა, რაც COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს ამაზონის მოგების ზრდას უკავშირდება.
Washington Examiner-ის მიერ ტვიტერზე გამოქვეუნებულ ვიდეოში ამაზონის საწყობის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, კრისტიან სმოლსი ღიად აკრიტიკებს ამაზონის ხელმძღვანელს და მოითხოვს, რომ ჯეფ ბეზოსის ქონების ზრდის გათვალისწინებით, თანამშრომლების ხელფასი $15/სთ-დან $30/სთ-მდე გაიზარდოს.
"დამისახელეთ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვიმსახურებთ $30-იან მინიმალურ ანაზღაურებას მაშინ, როცა ეს ადამიანი წამში $4000 გამოიმუშავებს", — აცხადებს სმოლსი.
სმოლსი ამაზონის საწყობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან პანდემიის გამო სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება მოითხოვა. მისი თქმით, როცა ერთ-ერთ მის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, იგი გაიფიცა და ამის საპასუხოდ კომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს ამაზონი.
სამსახურიდან გაშვების შემდეგ სმოლსმა ამაზონის და ჯეფ ბეზოსის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა.
პანდემიის დროს ამაზონის თანამშრომლების იმ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, რომელიც მათ სამუშაო პირობებს უკავშირდებოდა, კომპანიამ 2020 წლის მეორე კვარტალში შემოსავლის სახით $88.9 მილიარდი მიიღო, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
საპროტესტო აქციას ამაზონიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია.
კომენტარები