ახალმა დაკვირვებებმა 30 წლის წინანდელი თეორია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ვარსკვლავების მიერ წარმოქმნილი მაგნიტური ველი მათი ზრდისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.

ამ შედეგების მიღება ჩილეში მდებარე ტელესკოპის ინსტრუმენტის, GRAVITY-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ვარსკვლავი ჩვენთვის TW Hydrae-ს სახელითაა ცნობილი და იგი T Tauri ვარსკვლავების კლასის ნაწილს წარმოადგენს. ვარსკვლავი მზის მასის 80%-ს შეადგენს, თუმცა მასზე 10 მილიონი წლით უმცროსია.

"ეს ვარსკვლავი განსაკუთრებულია, რადგან იგი ძალიან ახლოსაა დედამიწასთან (196 სინათლის წელიწადით შორს) და მის გარშემო არსებული აკრეციის დისკი ჩვენს პირდაპირაა. ეს მას შესასწავლად იდეალურ კანდიდატად აქცევს", — განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორმა და კვლევის ავტორმა გარსია ლოპესმა.

ვარსკვლავები ნისლეულის შიგნით გრავიტაციული კოლაფსის მეშვეობით წარმოიქმნებიან. კოლაფსი ვარსკვლავის ბირთვისთვის შესაფერის პირობებს ქმნის, რათა მან ბირთვული სინთეზის სტიმულირება შეძლოს და ახლადფორმირებულ ციურ სხეულს ბრუნვის საშუალება მისცეს. ამ ბრუნვას მნიშვნელოვანი შედეგები ახლავს თან, რაც ვარსკვლავის ფარგლებს სცდება და უახლოეს მტვრამდე და აირებამდე აღწევს. ბრუნვა ნისლეულს დისკის ფორმას სძენს, რაც მატერიის ვარსკვლავამდე მისვლას ართულებს: ორბიტაზე მბრუნავი მატერია ვარსკვლავის გრავიტაციის გავლენას არ ემორჩილება, რადგან ამისათვის ზედმეტად სწრაფად მოძრაობს. იმისთვის, რომ იგი მას დაემორჩილოს, უნდა შენელდეს. მაგნიტური ველიც სწორედ ამისთვისაა საჭირო.

გუნდს იმედი აქვს, რომ ვარსკვლავზე დაკვირვებებს განაგრძობს და შეძლებს გაიგოს იცვლება თუ არა მაგნიტური ველი და თუ იცვლება როგორ ხდება ეს.

"მაგნიტური ველი, შესაძლოა, ბევრად კომპლექსური იყოს და დამატებითი პოლუსები ჰქონდეს. ასევე შესაძლებელია, რომ ველი დროთა განმავლობაში შეიცვალოს, რაც T Tauri ვარსკვლავების სინათლის ვარიაციის აქამდე ნავარაუდები განმარტების ნაწილია", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ტომას ჰენინგმა.

იმისთვის, რომ გავიგოთ, ზუსტად როგორ "იკვებებიან" ბავშვი ვარსკვლავები, ბევრად მეტი დაკვირვებების განხორციელებაა საჭირო.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.