ზუმის მუშაობა სრულად აღდგა
გუშინდელი დღიდან, 24 აგვისტოდან ვიდეოკონფერენციების პოპულარული სერვისის, ზუმის მუშაობას პრობლემები შეექმნა — აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მომხმარებლები ვერ უკავშირდებოდნენ სერვისს და შესაბამისად, ვერ ახორციელებდნენ ვიდეოზარებს. სტატიის დაწერის მომენტისთვის სერვისის მუშაობა სრულად აღდგა, თუმცა მოდით გავიგოთ, რა მოხდა გუშინ.
DownDetector-ის ინფორმაციით, პირველი ხარვეზები ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპის გარკვეულ ნაწილში აღმოსავლეთ ევროპის დროით დილის 9 საათზე დაფიქსირდა — ამ დროს მომხმარებლები, რომლებიც რომელიმე ვიდეოკონფერენციაში შესვლას ცდილობდნენ, იღებდნენ შეტყობინებას კავშირის დამყარების პრობლემის შესახებ. 11 საათისკენ კომპანიამ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, სადაც მომხმარებლებს სერვისის გამართულობის შესახებ ინფორმაციის გაგება შეუძლიათ, განაახლა სტატუსი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები. ხოლო 12:15 საათზე, ზუმის ოფიციალური ინფორმაციით, სერვისის მუშაობა სრულად იყო აღდგენილი.
კომპანიამ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში მადლობა გადაუხადა მომხმარებლებს მოთმინებისთვის და აღნიშნა, რომ პრობლემები ფასიანი და განახლებული ტარიფის მქონე ანგარიშებს შეექმნათ.
ისეთი მსხვილი ვიდეოკონფერენციის სერვისისთვის, როგორიც ზუმია, მსგავსი ხარვეზები ერთობ პრობლემურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ონლაინ კომუნიკაცია პანდეემის გამო ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ტვიტერზე მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ტვიტების მიხედვით აღნიშნული პრობლემით მრავალი მათგანი შეწუხდა, რადგან ამის გამო მათ მნიშვნელოვანი შეხვედრების თუ ლექციების გაცდენა უწევდათ. თუმცა მრავალი მათგანი დასვენების ამ უეცრად თავსდამტყდარი შესაძლებლობით ბედნიერიც კი იყო.
ასე რომ, ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და თამამად შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო "ადგილს" — თქვენი თათბირი ერთ საათში იწყება.
კომენტარები