ახალი მეთოდის დახმარებით ჩვენ უკვე ვიცით, რა არის ამ მუმიფიცირებული ცხოველების შიგნით
მკვლევრებმა 3D რენტგენული სხივების სკანირების დახმარებით 2 ათასი წლის წინ მუმიფიცირებული კატის, გველისა და ჩიტის ძვლების ნახვა შეძლეს. ეს დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ინახავდნენ მათ და რამდენად კომპლექსური იყო მუმიფიცირების პროცესი.
ძველი ეგვიპტელები ძალიან ბევრ ცხოველს უკეთებდნენ მუმიფიცირებას — არქეოლოგებს დღემდე მილიონობით მუმიფიცირებული ცხოველი ჰყავთ ნაპოვნი, ყველაფერი ხოჭოებიდან ნიანგებამდე.
ვიქტორიანულ ინგლისში ქირურგმა ტომას პეტიგრიუმ ცნობისმოყვარე მაყურებელი დააკმაყოფილა: მან მუმია გახსნა და ათასობით წლის წინ დაღუპულს აუტოფსია ჩაუტარა. დღეს სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ მსგავსი საქციელი არაეთიკურია და იგი მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ნიმუშს ანადგურებს. ამიტომ ისინი მათ შიგნით ჩასახედად რენტგენულ სხივებს იყენებენ.
ეს მიდგომა სრულყოფილი ნამდვილად არაა, რადგან იგი ორგანზომილებიანია, რაც მუმიის შესწავლას ართულებს. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა მიკრო კომპიუტერული ტომოგრაფი გამოიყენეს და სამი მუმიის, კატის, გველისა და ჩიტის შესწავლა გადაწყვიტეს.
კატა, როგორც აღმოჩნდა, მოშინაურებული იყო. როდესაც დაიღუპა, იგი ხუთ თვეზე ნაკლების იყო და მას კისერი ჰქონდა მოტეხილი — ამას ხშირად შეხვდებით იმ კატებში, რომლებსაც, დიდი ალბათობით, მუმიფიცირებისთვის ამრავლებდნენ. ამ შემთხვევაში უცნობია, იყო თუ არა ეს მოტეხილობა სიკვდილის მიზეზი.
ჩიტის იდენტიფიცირება უფრო რთული იყო. მისი ძვლების გაზომვით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იგი ყველაზე მეტად ევრაზიულ კირკიტას ენათესავება. მისი სიკვდილის მიზეზი ასევე უცნობია — მას დახრჩობის ან კისრის მოტეხვის ნიშნები არ აღენიშნება.
გველის მუმიის იდენტიფიცირება კი ძალიან მარტივი იყო. იგი ახალგაზრდა ეგვიპტური კობრა იყო და მისი ადგილშეცვილი ხერხემლის მალები მიგვანიშნებს, რომ იგი კუდით დაჭერითა და მიწაზე დახეთქებით მოკვდა, რამაც მის თავის ქალას მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენა.
ასევე აღსანიშნავია, რომ გველს ეშვები აკლდა. ეგვიპტური კობრები შხამიანები არიან, ასე რომ, შესაძლებელია, ეშვები მკვდარი გველიდან ამოეცალათ, რათა მებალზამე დაეცვათ.
ეს ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობოდნენ უძველესი ეგვიპტელები ცხოველებს, გარკვეულ წარმოდგენებს გვიქმნის. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ისინი მათ ღმერთებს სწირავდნენ.
"ინჟინრების, არქეოლოგების, ბიოლოგებისა და ეგვიპტოლოგების გაერთიანებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების სხვადასხვა განშტოების წარმომადგენლების ერთად მუშაობა", — აცხადებენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები