როგორ აღმოჩნდა ცათამბჯენი თბილისის ანძის ადგილას — Flight Simulator 2020-ის ხარვეზები
მაიკროსოფტის სიმულაციურ თამაშში თქვენ მსოფლიოს ნებისმიერი მონაკვეთის მონახულება თვითმფირნავის ფრენის სიმაღლიდან შეგიძლიათ, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა.
ამ ავიასიმულატორის შექმნაზე Xbox Game Studios მუშაობდა და მის საბოლოო შედეგს კომპანიაში ტექნოლოგიურ გარღვევას უწოდებენ.
Flight Simulator 2020-ში მსოფლიოს აღსაბეჭდად Bing-ის რუკების სურათები, Azure-ის პროცედურული რეგენერაციისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაა გამოყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შექმნის პროცესი პრაქტიკულად ავტომატიზირებული იყო, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკაციას, რომლებიც ხელით შეიქმნა.
თამაშში მუდმივად იცვლება ამინდი, რომელიც ამა თუ იმ რეგიონის კლიმატს ზუსტად იმეორებს. ამინდის რეალურ დროში იმიტაციისთვის ინტერნეტ კავშირი აუცილებელია.
მიუხედავად მსოფლიოს შთამბეჭდავი და რეალისტური სიმულაციისა, თამაშს მოდელირებაში გარკვეული ხარვეზები მაინც აქვს. მომხმარებლები, რომლებმაც სიმულაციის მეშვეობით იმოგზაურეს, აზიარებენ სხვადასხვა ლოკაციას, სადაც ესა თუ ის შენობა ან მთა არასწორად არის გადმოტანილი.
მაგალითად, ავსტრალიაში, მელბურნში სიმულაციამ ჩვეულებრივი დაბალი შენობის ადგილას უზარმაზარი ცათამბჯენი აღმართა. იგივე ცათამბჯენია აღმართული ბუკინგემის სასახლის ადგილას, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცილო სანახავია. საქმე ისაა, რომ Microsoft Flight Simulator ინფორმაციას Bing Maps-ის 2 პეტაბაიტი მოცულობის მონაცემებიდან იღებს — დიდი ალბათობით, ყველა ეს შეცდომა აღნიშნული რუკების არასწორ მონაცემებს უკავშირდება.
სიმულატორში საქართველოს ნახვაცაა შესაძლებელი. ჩვენი ქვეყნის გარშემო სიმულაციური ფრენა Reddit-ის მომხმარებელმა, ნიკნეიმით usgiorgi, შეასრულა და მის მიერ გამოქვეყნებული სქრინშოთებიდან კარგად ჩანს, როგორი სიზუსტითაა დარედნერებული ქალაქებიდან დაშორებულ სოფლებში მდგარი სახლებიც კი.
რა თქმა უნდა, შეცდომები ჩვენთანაც აღმოაჩინეს. მაგალითად, თბილისის სატელევიზიო ანძის ადგილას Flight Simulator-მა დიდი ცათამბჯენი ჩადგა.
Reddit-ის მომხმარებელმა SandoM ღამის თბილისთან ერთად ალაზნის ველსაც შემოუფრინა და ამის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
თუ არ ჩავთვლით მცირე შეცდომებს, რომლებიც სიმულაციაშია დაშვებული, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Flight Simulator 2020-ში გამოყენებულმა ტექნოლოგიებმა მოლოდინს გადააჭარბა და სხვადასხვა ლოკაციის ან თუნდაც სრულიად მსოფლიოს დარენდერების ახალი შესაძლებლობები გვაჩვენა.
სიმულაციაში თბილისის და კახეთის მოგზაურობის სქრინშოთების დასათვალიერებლად გადადით ბმულზე.
ამჟამად თამაშის შეძენა შესაძლებელია Steam-სა და Microsoft Store-ში. სიმულატორის გამოშვება Xbox-ზე მოგვიანებით იგეგმება.
კომენტარები