რატომ გვეღვიძება მაღვიძარას დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე
ყველას გამოგვიცდია ის გამაღიზიანებელი შეგრძნება, როცა წინა ღამით დაყენებული მაღვიძარას დარეკვამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩვენითვე ვიღვიძებთ და ის 5 წუთი გვენანება, რომელიც ძილში შეგვეძლო აღუშფოთებლად გაგვეტარებინა.
რა არის ამის მიზეზი? იმდენად გვეშინია შეხვედრაზე დაგვიანების, რომ ჩვენი სხეული გაღვიძებამდეც კი პანიკითაა მოცული? ან, იქნებ, იმდენად ვერ ვიტანთ მაღვიძარას ხმას, რომ ჩვენი ქვეცნობიერიც კი ცდილობს, მისგან დაგვიცვას?
ამ კითხვებს პასუხი რომ გავცეთ, ჩვენი სხეულის შინაგანი საათის, მისი ცირკადული რითმის მუშაობას უნდა გავეცნოთ. ეს შინაგანი საათი ძილისა და ღვიძილის ციკლს მართავს და სისხლის წნევას, სხეულის ტემპერატურას და დროის შეგრძნებას აკონტროლებს.
ცირკადულ რითმზე გარე ფაქტორებიც ახდენენ გავლენას — მაგალითად, როდესაც ბნელდება, თვალები ჰიპოთალამუსს სიგნალებს უგზავნიან, რომ ახლა თავს დაღლილად უნდა გრძნობდე. ტვინი საპასუხოდ სიგნალებს სხეულში გზავნის, რათა მელატონინი გამომუშავდეს და თავი დაღლილად იგრძნო.
სხეულის საათი ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როდესაც არსებობს რუტინა. თუკი ერთსა და იმავე დროს დაიძინებთ, მას ეცოდინება, რამდენი ძილი გჭირდებათ და როდის უნდა გაგაღვიძოთ დილით. ძილის ციკლს გარკვეულწილად ცილა PER არეგულირებს, რომლის დონეც დღის განმავლობაშ ხან ეცემა, ხან იზრდება. ღამით, როდესაც PER-ის დონე ეცემა, გულის რითმი ნელდება, სიხლის წნევა დაბლა იწევს და ფიქრიც ცოტათი ბუნდოვანი ხდება.
რუტინის არსებობის შემთხვევაში, ყოველდღე ერთ დროს გაღვიძებისას, სხეული PER-ის დონის ზრდას იწყებს და ისეთ ჰორმონებს გამოიმუშავებს, რომლებიც სტრესთან გამკლავებისთვისაა საჭირო.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სხეულს მაღვიძარა ნამდვილად ეზიზღება. მას არ სურს, რომ გემრიელი ძილისგან მოულოდნელად და აჟიოტაჟით გამოიღვიძოს. სანაცვლოდ, მას ურჩევნია, ნება-ნება, საკუთარი სურვილით გამოფხიზლდეს.
ხანდახან ეს ნიშნავს, სხეული იმდენად კარგადაა გამოწვრთნილი, რომ მან იცის, ზუსტად როდის გაგაღვიძოს მაღვიძარას ხმის გაგონების ასარიდებლად. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს მექანიზმი ისე მუშაობს, რომ დილით პანიკის შეგრძნებით ვფხიზლდებით, რადგან შეცდომით გვგონია, მაღვიძარას ხმა ვერ გავიგეთ და შეხვედრაზეც დავიგვიანეთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, რუტინა კარგი ძილისთვის აუცილებელი რამაა. სხვა შემთხვევაში სხეულის საათმა არ იცის, როგორ მოიქცეს და, შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც კი შეგექმნათ. არეული რუტინა არეულ სიგნალებს გზავნის. მხოლოდ დასვენების დღეებში გვიანობამდე ძილმაც კი, შესაძლოა, სხეულის საათი მწყობრიდან გამოიყვანოს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ზედმეტად ბევრ ძილსაც ახლავს ჯანმრთელობის პრობლემები. თუკი დილით გაღვიძება გიჭირთ, შესაძლოა, ამის მოგვარებაში მაღვიძარის გამოცვლაც დაგეხმაროთ. არჩევანი ამ მხრივ ნამდვილად დიდია, თუმცა სმარტფონის მაღვიძარად გამოყენება კარგი იდეა არ არის. მაშინ, როდესაც დაძინებამდე სქროლავთ, მობილურიდან წამოსული სინათლე სხეულის მიერ გამოყოფილ იმ სიგნალებს აფერხებს, რომლებიც თავს დაღლილად გაგრძნობინებთ და დაძინების სურვილს გიჩენთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკრანის ნათება ძილისთვის აუცილებელი მელატონინის გამოყოფას უშლის ხელს.
კომენტარები