ინსტაგრამი უნივერსალური QR კოდის ფუნქციას ააქტიურებს
ამიერიდან ინსტაგრამის ყველა მომხმარებელს აქვს საშუალება, დააგენერიროს საკუთარი პროფილის QR კოდი, რომელიც ნებისმიერი მობილური კამერის აპლიკაციით მისი დასკანირების და შესაბამისი პროფილის გახსნის შესაძლებლობას მოგცემთ. თავდაპირველად ეს ფუნქცია გასულ წელს, იაპონიაში ამოქმედდა.
ბიზნესებისთვის აღნიშნული სიახლე საინტერესო იქნება იმით, რომ მომხმარებელს მარტივად ექნება საშუალება, იპოვოს ამა თუ იმ დაწესებულების ინსტაგრამ ანგარიში და გაეცნონ კომპანიის სიახლეებს, შეიძინონ ნივთები ონლაინში ან მიიღონ ინფორმაცია სამუშაო საათების შესახებ.
იმისათვის, რომ დააგენერიროთ თქვენი ინსტაგრამ ანგარიშის QR კოდი, საკმარისია გადახვიდეთ აპლიკაციის პარამეტრებში და დააწვეთ ღილაკს QR Code. დაგენერირებული კოდი შეგიძლიათ შეინახოთ როგორც სურათი ან გაუზიაროთ მეგობრებს. შეგახსენებთ, რომ ადრე ინსტაგრამი მომხმარებლებს დაახლოებით მსგავს ფუნქციას სთავაზობდა, რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით Nametags და ტექნიკურად QR კოდის პრინციპით მუშაობდა, თუმცა — მხოლოდ ინსტაგრამის კამერის აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში.
შიდა QR კოდების სისტემას უკვე იყენებს სხვადასხვა სოციალური ქსელი, თუმცა ინსტაგრამმა ამ ფუნქციით უფრო ღია პლატფორმა დანერგა, რომელიც მომხმარებელს ყოველ ჯერზე ინსტაგრამის კამერის გახსნის აუცილებლობისგან ათავისუფლებს.
კომენტარები