ნაკლებად ცნობილი ძუძუმწოვარი, რომელიც სპილოს ენათესავება, თუმცა კი სულ რაღაც თაგვის ზომისაა, 50 წლის შემდეგ აფრიკაში ხელახლა აღმოაჩინეს — ხტუნიას შესახებ უკანასკნელი სამეცნიერო ჩანაწერები 1970 წელს გვხვდება. ძუძუმწოვარი ჯიბუტის რესპუბლიკაში, სამეცნიერო ექსპედიციის დროს იპოვეს.

ხტუნია, რომლის ინგლისური დასახელებაც "სპილო-ბიგვაა", სინამდვილეში არც სპილოა, არც ბიგა. თუმცა იგი აფრიკულ მილკბილასთან, სპილოებთან და ლამანტინებთან არის მჭიდროდ დაკავშირებულნი. მათ გრძელი, ხორთუმისებრი ცხვირი აქვთ, რომელსაც მწერების საჭმელად იყენებენ.

მსოფლიოში ხტუნიას 20 სახეობა არსებობს, თუმცა სომალური ხტუნია მეცნიერებისთვის ყველაზე მეტადაა საიდუმლოებებით მოცული. მკვლევრებს სახეობის მხოლოდ 39 წარმომადგენელი თუ შეუგროვებიათ, რომლებიც ათწლეულების წინ მუზეუმებში განათავსეს. ეს სახეობა მხოლოდ სომალშია აღმოჩენილი.

ფოტო: STEVEN HERITAGE

"ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით, როდესაც ჯიბუტში სომალური ხტუნია ვიპოვეთ", — განაცხადა კვლევის ავტორმა სტივენ ჰერიტაჟმა.

მკვლევართა გუნდმა 12 ლოკაციაზე ათასზე მეტი ხაფანგი დააგო, რომელზეც არაქისის კარაქი, შვრია და საფუარი იყო მოთავსებული. ერთ-ერთი ხტუნია პირველ ხაფანგში დაიჭირეს, რომელიც მშრალ, ქვიან ლანდშაფტზე იყო განთავსებული.

საერთო ჯამში, ექსპედიციის დროს მათ 12 ხტუნია დაიჭირეს და სამეცნიერო დოკუმენტაციებისთვის სომალური ხტუნიას პირველი ფოტო და ვიდეოც მოიპოვეს. სახეობის საცხოვრებელ გარემოს საფრთხე არ ემუქრება, რადგან იგი მიუდგომელია და ადამიანების დასახლებებისგან საკმაოდ შორსაა.

"როგორც წესი, როდესაც სახეობების ხელახალ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, ჩვენ მხოლოდ ერთ ან ორ ინდივიდს თუ ვპოულობთ და გვიწევს, ძალიან სწრაფდა ვიმოქმედოთ, რათა ისინი არ გადაშენდნენ. ეს აღმოჩენა კი ნამდვილად განსხვავებული და მნიშვნელოვანია, რადგან მან ბევრი სხვა დაკარგული სახეობის პოვნის იმედი მოგვცა", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.

სამომავლოდ, მკვლევრები გეგმავენ, რომ 2022 წელს კიდევ ერთი ექსპედიცია ჩაატარონ, სადაც GPS-ს გამოიყენებენ და ხტუნიებს ინდივიდუალურად დააკვირდებიან, რათა მათი ქცევა და ეკოლოგია შეისწავლონ.