NASA-ს როვერმა ახლახან მარსისკენ მიმავალი კურსი განსაზღვრა
NASA-ს როვერ Perseverance-ის ღრმა კოსმოსისთვის განკუთვნილი ძრავები პირველად ჩაირთო. როვერმა, რომელიც NASA-ს $2,7 მილიარდიანი მისიის ყურადღების ცენტრში იმყოფება, 14 აგვისტოს წითელი პლანეტისკენ მიმავალი კურსი ტრაექტორიის განმსაზღვრელი მანევრით აიღო.
პროცესში 8 ძრავი მონაწილეობდა. ისინი იმ ხომალდზე არიან განთავსებულნი, რომელმაც როვერი ღრმა კოსმოსში უნდა გაიყვანოს. მისიის განმავლობაში ტრაექტორიის განმსაზღვრელი სულ ხუთი მანევრია საჭირო, რათა როვერი მისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვას. დარჩენილი 4 მანევრი 28 სექტემბერს, 20 დეკემბერს, 10 თებერვალს და 16 თებერვალს განხორციელდება.
Perseverance 30 ივლისს გაეშვა, რათა მარსზე, კერძოდ კი 45 კილომეტრ სიგანის კრატერ Jezero-ში, რომელიც ოდესღაც მდინარისა და ტბის შესართავს წარმოადგენდა, უძველესი სიცოცხლის ნიშნები იპოვოს. როვერი ასევე ნიმუშებსაც შეაგროვებს, რომელბიც დედამიწაზე სამომავლოდ დაბრუნდება. ნიმუშების დაბრუნება 2030 წლისთვის იგეგმება.
მისიის ფარგლებში ახალ ტექნოლოგიებსაც გამოცდიან: მაგალითად, პაწაწინა შვეულმფრენს, რომელიც როვერის მუცელზეა დამაგრებული და დაშვების შემდეგ იგი წითელ პლანეტაზე იფრენს.
ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია MOXIE, რომელიც ნახშირორჟანგით მდიდარი მარსის ატმოსფეროსგან ჟანგბადს წარმოქმნის და იგი მარსზე მომავალ მოგზაურებს, შესაძლოა, ძალიან დაეხმაროს.
კომენტარები