ეპოქის დასასრული: მაიკროსოფტმა Internet Explorer 11-ის მხარდაჭერის შეწყვეტის თარიღი დაასახელა
კომპანია მაიკროსოფტი Microsoft 365-ის აპლიკაციებსა და სერვისებში ბრაუზერი Internet Explorer 11-ის მხარდაჭერას 2021 წლის 17 აგვისტოს შეწყვეტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად 1 წელიწადში Internet Explorer 11-ს აღარ ექნება მაიკროსოფტის ისეთი ონლაინ სერვისების მხარდაჭერა, როგორებიცაა Office 365, OneDrive, Outlook და სხვები. გარდა ამისა, IE 11-ში 2020 წლის 30 ნოემბრიდან შეუძლებელი გახდება საკომუნიკაციო პლატფორმა Microsoft Teams-ის გამოყენებაც.
მაიკროსოფტი იმედოვნებს, რომ კორპორატიული მომხმარებლები, რომელთა პროგრამული უზრუნველყოფა Internet Explorer 11-ში მუშაობს, გამოიყენებენ ახალი თაობის Chromium-ის ძრავზე მომუშავე Microsoft Edge-ს, რომელსაც ძველი IE-ს თავსებადობის რეჟიმიც აქვს. კომპანია Internet Explorer-ისთვის შექმნილ ვებ სერვისებზე წვდომას იქამდე უზრუნველყოფს, სანამ Windows 10-ში IE 11-ის მხარდაჭერის დრო არ ამოიწურება.
გარდა ამისა, მაიკროსოფტი 2021 წლის 9 მარტს შეწყვეტს Microsoft Edge-ის ძველი ვერსიის მხარდაჭერას. ამ თარიღის შემდეგ აღნიშნული ბრაუზერი აღარ მიიღებს უსაფრთხოების განახლებებს. მაიკროსოფტი Windows 10-ის მომხმარებლების საკუთარ ახალ ბრაუზერზე გადაყვანას ცდილობს, რომელიც Chromium-ის ძრავზე მუშაობს.
კომპანია მაიკროსოფტი უკვე წლებია, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს Internet Explorer-ის ხმარებიდან ამოღებას. კომპანიამ ახალი Edge ბრაუზერი 2015 წელს წარმოადგინა, რომელიც ატარებდა კოდურ სახელს, Project Spartan. სწორედ აქედან იწყება Internet Explorer-ის დასასრულის დასაწყისი. იმ მომენტიდან კომპანია Internet Explorer-ს "თავსებადობის ხელსაწყოს" უწოდებს და აღარ განიხილავს ბრაუზერად, რომელსაც ჩვეულებრივი მომხმარებლები უნდა იყენებდნენ.
კომენტარები