კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ლიბანში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ლიბანში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
"დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ და ქვეყანა 2 კვირით ჩავკეტოთ", — აღნიშნა ჰამად ჰასანმა რადიო "ლიბანის ხმის" ეთერში.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი გასულ 24 საათში ინფიცირებულთა რეკორდული, 439 შემთხვევის გამოვლენა და 6 გარდაცვლილი გახლდათ.
ამჟამად ქვეყანა ღრმა ფინანსურ კრიზისშია. ხელისუფლება COVID-19-ის პანდემიას აქამდეც რთულად უმკლავდებოდა და ზოგადი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა 4 აგვისტოს ბეირუთში მომხდარმა მძლავრმა აფეთქებამ, რომელსაც 178 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შემდეგ მთელი სამთავრობო შემადგენლობა გადადგა.
საწყობის აფეთქების შედეგად 6 ათასი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა ახლომდებარე ჰოსპიტალები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბეირუთში არსებული 55 სამედიცინო ცენტრის ნახევარი მწყობრიდან არის გამოსული.
ჰასანის განცხადებით, ბეირუთში არსებული სახელმწიფო და კერძო ჰოსპიტალების ინტენსიური განყოფილებები უკვე გადავსებულია. მინისტრის განმარტებით, აეროპორტის დაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგანაც კორონავირუსის ახალი შემთხვევები შიდა გავრცელებაზე მოდის.
"შიდა გავრცელება რეალური საფრთხის შემცველია. ყველა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს და ვირუსის პრევენციის მკაცრი ზომები უნდა დაიცვას", — აღნიშნა ჰასანმა.
ლიბანში თებერვლიდან მოყოლებული კორონავირუსის 8 881 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 103 შეადგინა.
კომენტარები