SpaceX-ის Starship-ის მეხუთე პროტოტიპი 150 მეტრ სიმაღლეზე წარმატებით აფრინდა
CrewDragon-ის დედამიწაზე წარმატებით დაბრუნების შემდეგ, SpaceX-მა თავისი ახალი თაობის რაკეტის პროტოტიპი ასევე წარმატებით ააფრინა. SN5-ის სატესტო ფრენა ტეხასიდან შედგა და რაკეტა დაახლოებით 150 მეტრ სიმაღლეზე ავიდა, შემდეგ კი მიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა.
Starship SpaceX-ის პროექტია, რომლის მიზანსაც მთვარემდე და მარსამდე მისასვლელი ტრანსპორტის შექმნა წარმოადგენს. კომპანიის მიხედვით, ხომალდის საბოლოო ვერსია სიმაღლეში დაახლოებით 120 მეტრი, სიგანეში კი 9 მეტრი იქნება. ის დედამიწის ორბიტაზე 100 ტონა ტვირთის ატანას შეძლებს. Starship გიგანტურ რაკეტის ამაჩქარებელზე იქნება დამაგრებული და ორივე მათგანი SpaceX-ის ახალი ძრავით, Raptor-ით იქნება აღჭურვილი.
პროტოტიპი Starship-ის საბოლოო ფორმისგან ჯერ კიდევ შორსაა. SN5-ს მხოლოდ ერთი Raptor ძრავი ჰქონდა, როდესაც საბოლოო ვერსიას მინიმუმ 6 უნდა ჰქონდეს.
პროტოტიპის წარმატება ერთობ მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია — წინა 4 პროტოტიპი გამოცდისას ან აფეთქდა ან სანამ აფრინდებოდა, მანამდე განიცადა კოლაფსი. ეს არის პირველი პროტოტიპი, რომელიც არა მხოლოდ გაფრინდა, არამედ ადრეულ ტესტირებებსაც გადაურჩა.
ბოლო ტესტირების მიზანს კონტროლირებადი აფრენისა და დაშვების შემოწმება წარმოადგენდა. Starship დასაშვებად ძრავებს გამოიყენებს, რომლებიც მთვარის ან მარსის ზედაპირთან მიახლოებისას საკუთარ თავს შეანელებს.
შესაძლებელია, რომ პროტოტიპი კიდევ ერთხელ აფრინდეს, თუმცა SpaceX-ს მეექვსე პროტოტიპი უკვე შექმნილი აქვს. დროთა განმავლობაში სატესტო ფრენის სიმაღლე შეიცვლება და ხომალდები 150 მეტრზე მაღლა აფრენას შეეცდებიან. ასევე, კომპანიის თქმით, ახალ პროტოტიპებს უფრო მეტი Raptor ძრავიც ექნებათ.
კომენტარები