COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ეპოქაში სხვადასხვა დაწესებულებაში თანამშრომლების, სტუდენტების თუ მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების მუდმივი მონიტორინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალებას მისცემს. ზუსტად ამისთვის შეიქმნა FeverFree.AI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცხის გაზომვასა და საეჭვო სიმპტომების გამოვლენას ხდის შესაძლებელს.

აპლიკაციის გამოსაყენებლად თქვენ დაგჭირდებათ სმარტფონი და ციფრული თერმომეტრი. თქვენ თავდაპირველად უნდა გაიზომოთ სიცხე სმარტფონის კამერის წინ და აჩვენოთ თერმომეტრის შედეგი აპლიკაციას. ამის შემდეგ აპლიკაცია გადაამოწმებს სხვა საეჭვო სიმპტომების არსებობას, რისთვისაც მომხმარებელს კითხვარის შევსება მოუწევს. შედეგად, მომხმარებელი მიიღებს ბეიჯს, რომლითაც ის შეძლებს ორგანიზაციის, რესტორნის თუ სასწავლებლის ტერიტორიაზე შესვლას. მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ გადაეცემა მესამე პირებს.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დაუფიქსირდება სიცხე ან კითხვარის შევსების დროს გაირკვევა, რომ იგი რიგ საეჭვო სიმპტომებს ავლენს, ის მიიღებს პროტოკოლს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იმოქმედოს ვირუსის პოტენციური გავრცელების პრევენციის მიზნით.

ორგანიზაციას დამოუკიდებლად შეუძლია საეჭვო სიმპტომების კითხვარისა და საეჭვო ინფიცირების ფაქტზე რეაგირების პროტოკოლის შედგენა. ასევე, ბიზნეს ანგარიში კომპანიას საშუალებას აძლევს, დააკვირდეს საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანის ორგანიზაციის ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ შესაბამის პირს აცნობოს.

აპლიკაციას უკვე აქტიურად იყენებენ სკოლებსა და ბაგა ბაღებში, რესტორნებში, საწარმოებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.