Apple-მა დაადასტურა, რომ ახალი აიფონები სექტემბერში ვერ გამოვა
Apple-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ დაგეგმილი აიფონების გამოშვების თარიღი გადაიწევს. "გასულ წელს ჩვენ ახალი აიფონების გაყიდვა სექტემბრის ბოლოდან დავიწყეთ, წელს კი ვვარაუდობთ, რომ ახალი მარაგი ხელმისაწვდომი რამდენიმე კვირის დაგვიანებით გახდება", — განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ლუკა მაესტრიმ.
მაესტრიმ დაგვიანების მიზეზებზე არ ისაუბრა, თუმცა ამის შესახებ ხმები უკვე თვეებია, რაც დადის. The Wall Street Journal-მა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ ეფლის ახალი აიფონების მასობრივი წარმოება დაახლოებით ერთი თვით შეყოვნდებოდა. ამ კვირის დასაწყისში კი კომპანიის საფლაგმანო პროდუქტის, 5G აიფონების მსოფლიო ბაზარზე დაგვიანებით გამოსვლაზე Qualcomm-მაც მიანიშნა.
ეფლი, როგორც წესი, აიფონის ყოველწლიურ განახლებაზე სექტემბერის დასაწყისში გვაცნობს და ეს ახალი პროდუქტი მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი თვის დასრულებამდე ხდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, ახალი სმარტფონები ოქტომბრამდე თუ იქნება მზად, თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ კომპანიამ თავისი ახალი აიფონები საზოგადოებას სექტემბერშივე ანახოს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ეფლი თავისი ახალი აიფონის გამოშვებას აგვიანებს. 2017 წლის სექტემბერში, როცა მან iPhone 8 წარმოგვიდგინა, ასევე iPhone X-იც გვანახა, თუმცა ეს უკანასკნელი, წარმოების პროცესში არსებული პრობლემების გამო, მაღაზიებში ხელმისაწვდომი მხოლოდ ნოემბერში გახდა. იგივე განმეორდა iPhone XR-ის შემთხვევაშიც, როცა კომპანიამ ის სექტემბერში წარადგინა, მისი გაყიდვა კი ოქტომბრამდე არ დაწყებულა. ამ შეყოვნების მიზეზად მაშინ LCD დისპლეის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.
კომენტარები