ახალი ჰაკერული ხრიკით მოწყობილობის დამტენით დაზიანებაა შესაძლებელი — კვლევა
უსაფრთხოების ლაბორატორიის ჩინელმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს უსაფრთხოების ხარვეზი, რომლითაც ბოროტმოქმედებს სწრაფი დამტენის მოტყუება და ამით მასში შეერთებული სმარტფონის დაზიანება შეუძლიათ.
სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ, თქვენი სმარტფონი ან პლანშეტი შედარებით სწრაფად დატენოთ. ასეთი ტიპის დამტენს საკუთარი მიკროპროცესორი და მიკროპროგრამული უზრუნველყოფა აქვს, რომელიც კოდის რამდენიმე ბიტით მუშაობს. ასეთი ტიპის დამტენები დაკავშირებული მოწყობილობიდან ინფორმაციას იღებენ, რათა განსაზღვრონ ენერგიის მიწოდების დასაშვები სიძმლავრე.
Tencent Security Labs-მა მიაგნო ხერხს, რომლითაც შესაძლებელი ხდება მიკროპროგრამის USB პორტის საშუალებით შეცვლა. 35 ცნობილი სწრაფი დამტენის ვარიანტიდან ამ მეთოდმა 18-ში იმუშავა. მიკროპროგრამის მოდიფიცირება მავნე კოდის — BadPower-ის საშუალებით გახდა შესაძლებელი. დამტენის კოდის ცვლილების შემდეგ იგი დაკავშირებულ მოწყობილობას ელენერგიას მაქსიმალური სიმძლავრით მიაწვდის, რაც საბოლოო ჯამში მისი დაზიანება ან, შესაძლოა, აალებაც კი გამოიწვიოს.
Tencent მომხმარებლებს საკუთარი დამტენის სხვებთან გაზიარებისგან თავის შეკავებას გვირჩევს. კომპანია დამტენების მწარმოებლებს მოუწოდებს, შეზღუდონ სწრაფი დამტენების მიკროპროგრამის მოდიფიკაციის შესაძლებლობა.
მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ გვაქვს, რადგან დამტენის მიზანმიმართული მოდიფიკაციით მიყენებული ზიანის შესახებ ცნობები ამ ეტაპისთვის არ მოიპოვება.
ზოგადად, მოწყობილობის სწრაფი დამუხტვა არცთუ ისე საიმედო რამაა. ბოლო კვლევებით ირკვევა, რომ ლითიუმ-იონური ელემენტი, რომელიც ელექტრომობილებშიც გვხვდება, ამ ტექნოლოგიისგან მნიშვნელოვან ზიანს უკვე 40 დამუხტვის შემდეგ იღებს.
კომენტარები