რეიმანი - კლინიკა, რომელსაც ანდობთ თქვენსა და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას
ექიმთან მისვლა ხშირად უამრავ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული. გვიწევს, წინასწარ გამოვიკვლიოთ, რამდენად მაღალია მომსახურების ხარისხი ამა თუ იმ კლინიკაში. გვაინტერესებს, უსასრულო რიგებში უნდა ვიდგეთ თუ მარტივად, ზედმეტი ბიუროკრატიული პროცესების გარეშე შევძლებთ ექიმთან ჩაწერას. იმაზეც ხშირად ვფიქრობთ, რამდენად სრულფასოვანია მომსახურება, რომელსაც ცალკეულ კლინიკაში ვიღებთ და რაც მთავარია, საჭიროა თუ არა, სხვა სპეციალისტებთანაც გადავამოწმოთ დიაგნოზი, რომელიც უკვე დაგვიდგინეს.
ამგვარი ბარიერების მოსახსნელად და ყოველდღიურ პრობლემათა შესამსუბუქებლად, 27- წლიანი გამოცდილების მქონე გუნდმა გადაწყვიტა, საქართველოში ახალი კლინიკა — რეიმანი დაეარსებინა.
რეიმანის დამფუძნებლები გვიყვებიან, რომ 1993 წელს სასწრაფო დახმარება არდი და კლინიკა კურაციო შექმნეს. მათი თქმით, ეს საქართველოში პირველი კერძო სამედიცინო ბიზნესი იყო და თანაც, საკმაოდ წარმატებული. გარდა წარმატებისა, აღსანიშნავია მათი ღირებულებებიც — არდის ექიმებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევდათ პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. "დღეს მსგავსი ღირებულებების მქონე კლინიკებს ბაზარი, სამწუხაროდ, მოკლებულია. ჩვენ სწორედ ამ მემკვიდრეობის გაგრძელება გვინდა", — აღნიშნავენ ისინი. სწორედ ამ მიზნით დააარსეს ახალი კლინიკა რეიმანი, რომელიც სრულად პაციენტზეა ორიენტირებული, მიზნად ისახავს დაავადებების პრევენციასა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას.
კლინიკა სანდრო ეულის 5 ნომერში, 2.500 კვ.მ.მდე ფართობზეა განთავსებული. ის დღიურად 600-800 პაციენტის მომსახურებაზეა გათვლილი და ამასთან, ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრს აერთიანებს.
რეიმანის მომსახურების მიმართულებებია:
- საოჯახო მედიცინა
- პედიატრია
- ლაბორატორიული სერვისები
- სრული ამბულატორიული მომსახურება
"საოჯახო მედიცინა ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა. დასავლური მედიცინა პირველად ჯანდაცვაზეა აწყობილი, რომლის ქვაკუთხედიც ოჯახის ექიმია. ჩვენი მიზანია, ეს პრაქტიკა ქართულ რეალობაში გადმოვიტანოთ და დავამკვიდროთ", — აცხადებენ კლინიკის დამფუძნებლები.
ლაბორატორია, რომელიც კლინიკაშია განთავსებული, დასავლურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. როგორც კომპანიაში გვიყვებიან, მისი შედეგებიც სანდოა და გადამოწმებას არ საჭიროებს. "სანდოობის უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია როგორც პროცესების მართვის გამართული მოდელი, ისე დანადგარების მუდმივი მონიტორინგი, რაც შესაბამის სახსრებს მოითხოვს", — აღნიშნავენ კომპანიაში.
პედიატრია კლინიკაში ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ დამოუკიდებელ სათამაშო და მოსაცდელ სივრცეს აერთიანებს. კლინიკის კვალიფიციური პედიატრები კი შემდეგი მიმართულებებით მუშაობენ:
- ბავშვთა დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად;
- ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება, ზრუნვა და პროცესში ოჯახის ინფორმირება;
- დაავადებათა პრევენცია ჯანსაღი კვების, ჩვევების, თამაშის, სწავლისა და დასვენების, ასევე გარემოსთან ადაპტაციის, იმუნიზაციის, დაავადებათა სკრინინგის და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის გზით.
სრული ამბულატორიული მომსახურების უზრუნველსაყოფად რეიმანში, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით, საუკეთესო სპეციალისტები შემდეგ მიმართულებებში მოიწვიეს:
- საოჯახო მედიცინა
- პედიატრია
- ქალთა ჯანმრთელობა
- რადიოლოგია
- კარდიოლოგია
- ნევროლოგია
- ოფთალმოლოგია
- უროლოგია
- ალერგოლოგია
- დერმატოლოგია
- ენდოკრინოლოგია
- ლარინგოლოგია
რეიმანის მიზანია, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა დანერგონ, ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივონ, დაზოგონ მათი დრო და დაეხმარონ მათ არა მარტო დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ გრძელვადიანად ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ამის გაკეთება კი, როგორც ისინი გივიყვებიან, მხოლოდ პრევენციაზე ორიენტირებული სისტემითაა შესაძლებელი.
საკითხზე, თუ როგორ შეცვლის რეიმანი საქართველოს სამედიცინო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, კლინიკის გენერალური დირექტორი თორნიკე ხუბუა დეტალურად გვესაუბრა:
რა პრობლემებია დღეს სამედიცინო ბაზარზე, კონკრეტულად კი კლინიკებში გაწეული მომსახურების კუთხით?
დღევანდელ რეალობაში ადამიანები მიდიან კლინიკაში, იღებენ დიაგნოზს და მიდიან სხვაგან, რომ ეს დიაგნოზი გადაამოწმონ. ხშირია, როცა პაციენტი საკუთარი გადაწყვეტილებით ან ახლობლის რჩევით მიდის რაიმე კვლევის გასაკეთებლად, რომელიც, შესაძლოა, სულ არ იყოს საჭირო. არცთუ იშვიათია, რომ ადამიანები მიდიან პირდაპირ სპეციალისტთან, იხდიან თანხას და ბოლოს აღმოაჩენენ, რომ კონკრეტული მიმართულებით არაფერი აღენიშნებათ. პრობლემები რჩება, დრო და ფული კი დახარჯულია. იშვიათია ისეთი ოჯახის ექიმი, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მართვას შეძლებს და არ შემოიფარგლება მხოლოდ სპეციალისტებთან გადამისამართებით.
დღეს ბაზარი ითხოვს კლინიკას, რომლის მიერ დასმულ დიაგნოზსაც გადამოწმება არ დასჭირდება; ასევე, მიუკერძოებელ და კვალიფიციურ ოჯახის ექიმებს, რომლებიც შეძლებენ ანამნეზის სწორად შეგროვებას და პაციენტის ჯანმრთელობის მართვას ისე, რომ პაციენტს არ მოუწიოს სპეციალისტებთან დამოუკიდებლად სიარული; კლინიკას, რომელიც რეალურად იზრუნებს პაციენტების ჯანმრთელობაზე და არა მედიკამენტების გაყიდვასა და ექიმების მიერ გეგმების შესრულებაზე.
როგორ ფიქრობთ, რა არის არსებული პრობლემებიდან გამოსავალი?
განაპირობებს კი კარგი მკურნალობა ჯანმრთელობას? პასუხია — არა. მკურნალობა განკურნებაზეა მიმართული. გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის ჯანსაღი ცხოვრების ჩვევები და დაავადებების პრევენციაა აუცილებელი. საჭიროა სწორი კვება, ვარჯიში და ამ ყველაფერის არსებულ ცხოვრების რეჟიმთან შესაბამება. საჭიროა სკრინინგული კვლევები, რომელთა გაწერაც ასაკის, სქესის, გადატანილი დაავადებებისა და გენეტიკური მოცემულობის მიხედვით ხდება. სწორედ ეს არის ის განსხვავებული მიდგომა, რომლის შეთავაზებასაც ბაზრისთვის ვაპირებთ.
ხშირ შემთხვევაში ექიმთან მისვლა, არსებული პროცედურებისა და ბიუროკრატიის გამო, თავსატეხს წარმოადგენს ბევრი პაციენტისთვის. როგორ შეცვლის რეიმანი ამ ვითარებას?
ჩვენი მომსახურების კომფორტს პაციენტები უკვე კლინიკაში მოსვლამდე იგრძნობენ.
აპლიკაცია, რომელიც სულ მალე გაეშვება, ექიმთან ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, კვლევების შედეგების დინამიკაში ნახვას, ექიმების რჩევებისა და დანიშნულებების ონლაინ რეჟიმში ჩვენებას გულისხმობს.
ვიზიტისას ლოდინის დრო მინიმალურია. დანერგილია რიგის მართვის სისტემა. შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა განთავსებული. მოსაცდელი დარბაზი და ექიმის კაბინეტები ერთმანეთისგან გამოყოფილია. შედეგად, ვიზიტის დროს ექიმსა და პაციენტს სრული სიმშვიდე და კომფორტი გარანტირებული აქვთ.
ლაბორატორიული კვლევები ადგილზე ტარდება. სადაზღვევო კომპანიებთან კი გამარტივებული პროცედურებით ვთანამშრომლობთ.
რა არის რეიმანის გუნდის მთავარი მიზანი?
ჩვენი მიზანია, შევქმნათ პაციენტზე ორიენტირებული გარემო და შევასრულოთ ჩვენი დაპირება — ვიყოთ კლინიკა, რომლის დიაგნოზსაც გადამოწმება არ სჭირდება.
ამ დაპირების შესასრულებლად ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ ფაქტორებზე:
- გვყავს ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც პარალელურად ჩართულნი არიან უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში;
- ჩვენი დაავადებათა მართვის პროტოკოლები მუდმივად განახლებადია, რაც საშუალებას გვაძლევს, ყოველთვის ვიყოთ ინფორმირებული მედიცინაში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით;
- კლინიკის გარემო ორიენტირებულია პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე;
- თანამედროვე სამედიცინო აპარატურა და წამყვანი მწარმოებლების სახარჯი მასალები საშუალებას გვაძლევს, რომ დიაგნოსტიკაში გვქონდეს მაქსიმალური სიზუსტე.
რამდენად გააუმჯობესებს რეიმანის საქმიანობა საქართველოში სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებას, რა გეგმები გაქვთ?
ჩვენი მიზანია, საქართველოში შემოვიტანოთ პრევენციაზე ორიენტირებული, დასავლური ტიპის პირველადი ჯანდაცვა, რომელიც გარკვეულწილად აწევს თამასას ქართულ ბაზარზე. ჩვენ გვსურს, ვიყოთ პაციენტების იმედი ქართული ჯანდაცვის სფეროში.
ვგეგმავთ, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის რეაბილიტაციას, რომელიც ევროპული და ამერიკული პირველადი ჯანდაცვის პრაქტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია. ვთვლით, რომ ამ მიზნების განხორციელების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვა საქართველოში გადავა ახალ ეტაპზე, რაც ხელს შეუწყობს მის უფრო ფართომასშტაბიან განვითარებას.
ვინ არიან თქვენი პარტნიორები და როგორია საფასო პოლიტიკა?
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თიბისი დაზღვევაა, ხოლო პრივილეგირებული პარტნიორი — არდი. ბაზარზე არსებულ სამედიცინო მომსახურების ფასებთან შედარებით კლინიკაში საფასო პოლიტიკა საშუალოზე მაღალია, თუმცა არა ყველაზე ძვირი.
სამედიცინო სფერო მუდმივად ვითარდება და ახალი სტანდარტები ინერგება, რამდენად მიჰყვებით ამ დინამიკას — როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ისე სპეციალისტების გადამზადების კუთხით?
დღევანდელ მედიცინაში მუდმივად ინერგება ახალი სტანდარტები, მკურნალობის ახალი გზამკვლევები, რომლებსაც ჩვენი გუნდი მუდმივად მიჰყვება და აახლებს ჩვენს შიდა პროტოკოლს.
დაავადებათა მართვის მუდმივად განახლებადი პროტოკოლების მიხედვით კი ჩვენი სპეციალისტები პერიოდულ ტრენინგებს გადიან. ჩვენი თანამშრომლები ასევე მუდმივად გადიან კომუნიკაციის ტრენინგებს, რომ შეხების თითოეულ წერტილში პაციენტებმა საუკეთესო შესაძლო მომსახურება მიიღონ.
რეიმანი - კლინიკა, რომელსაც ანდობთ თქვენსა და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას, აქტიურად იწყებს ფუნქციონირებას. გუნდის წევრები სრულად არიან ჩართული პირველი ფილიალის საქმიანობაში და მომავალში ახალი ფილიალების გახსნასაც გეგმავენ.
კომენტარები