რატომ ავადდებიან კაცები ქალებზე ხშირად COVID-19-ით — მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია
პანდემიის დაწყებიდან მალევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის ნათელი გახდა, რომ COVID-19-ით ქალებთან შედარებით კაცები უფრო ხშირად ავადდებოდნენ და, შესაბამისად, მათში სიკვდილიანობაც უფრო მაღალი იყო. თუმცა ამდენი თვის განმავლობაშიც კი ამის ზუსტი მიზეზი უცნობია.
ამ რთულ კითხვაზე პასუხის მოძიება ჰარვარდის GenderSci Lab-ის მკვლევრებმა სცადეს. როგორც აღმოჩნდა, ეს მარტივი საქმე არ ყოფილა, რადგანაც COVID-19-ის კლინიკური შემთხვევების შესახებ მონაცემები სტანდარტიზირებული სახით არ არსებობდა.
"ჩვენ, უბრალოდ, ვეცადეთ, რომ შესაბამისი ინფორმაცია მოგვეძებნა, მაგრამ მისი მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ამიტომაც გავიაზრეთ, რომ შესაბამისი მონაცემები ჩვენ თვითონვე უნდა შეგვეგროვებინა", — განაცხადა პროფესორმა სარა რიჩარდსონმა, რომელიც GenderSci Lab-ს ხელმძღვანელობს.
სწორედ ამ შრომის შედეგია გასულ თვეში გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც აშშ-ს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევებსა და გარდაცვალების მაჩვენებლებს სქესის მიხედვით ყოფს. მკვლევრები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას ასაკის მიხედვითაც ყოფენ, რათა თითოეული შტატის განსხვავებული დემოგრაფიული მაჩვენებლები განსაზღვრონ. ამ მიდგომით ისინი იმედოვნებენ, რომ ზუსტად გამოკვეთენ იმ ფაქტორებს, რომლებიც, შესაძლოა, ამ არაპროპოციულობის მიღმა იმალებოდეს.
მეცნიერთა სამუშაო ვერსია სამ წამყვან ფაქტორამდე დადის: ბიოლოგია, კულტურა და გარემო. რა თქმა უნდა, მკვლევრები მათ კომბინაციასაც არ გამორიცხავენ.
მეცნიერები ეჭვობენ, კორონავირუსის წინააღმდეგ თავდასაცავ მექანიზმში ესტროგენსაც მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კაცებისგან განსხვავებით, ქალები ექიმს უფრო დროულად მიმართავენ. ასეა თუ ისე, სქესთა შორის არსებული განსხვავებული სიკვდილიანობის მიზეზი არა იზოლირებული, არამედ მეტად კომპლექსური საკითხია.
კომენტარები