ყაზახეთში არსებულმა ჩინეთის საელჩომ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მოსახლეობა "უცნობი წარმოშობის პნევმონიის" შესახებ გააფრთხილა. მათი ინფორმაციით, ეს უკანასკნელი კორონავირუსზე უფრო მეტად სასიკვდილო დაავადებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post (SCMP) ავრცელებს.

"ამ დაავადების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე კორონავირუსისას. ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტები ვირუსს პნევმონიის სხვა გამომწვევებს ადარებენ, თუმცა მათ იდენტიფიცირება ჯერ ვერ შეძლეს", — ვკითხულობთ SCMP-ის სტატიაში.

პნევმონიის (იგივე "ფილტვების ანთება") გამომწვევი ვირუსი ბაქტერია ან სოკოვანი ინფექცია შეიძლება გახდეს, ხოლო პათოლოგიური პროცესი — ერთ ან ორივე ფილტვზე გავრცელდეს. ანთებითი პროცესი სუნთქვას ართულებს და მძიმე მიმდინარეობის დროს იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად ითვლება.

ჩინეთის საელჩოს განცხადებაში ვირუსის რაობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია არ ყოფილა. ადგილობრივი მედია ივნისიდან მოყოლებული იუწყებოდა ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში პნევმონიის შემთხვევების მატების შესახებ. SCMP-ის ცნობით, სამ კლინიკაში ასეთი პაციენტების რიცხვი 500-ს აღემატება, მათგან 30 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩინური მედიის ცნობით, ადგილობრივი ოფიციალური პირები ამ შემთხვევებს ჩვეულებრივ პნევმონიად მოიხსენიებენ. ჩინეთის საელჩოს განცხადებით, მთელი წლის განმავლობაში პნევმონიით დაღუპული ადამიანების მესამედი სწორედაც რომ ივნისში გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა, COVID-19-ის პანდემია ყაზახეთსაც შეეხო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მარტის შუა რიცხვებში გამოცხადა და მან 2 თვე გასტანა. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და ისინი მოსალოდნელი მეორე ტალღის შესახებ გააფრთხილა.

ყაზახეთის მოსახლეობა დაახლოებით 18 მილიონ ადამიანს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნაში კორონავირუსით 50 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 250-ზე მეტი გარდაიცვალა.

ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა. ის ამ ამბავს საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით პნევმონიის სტატისტიკა აერთიანებს იმ შემთხვევებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პათოგენის, მათ შორის ბაქტერიისა თუ ვირუსისგან არის გამოწვეული. განცხადებაში არაა დაკონკრეტებული, პნევმონიის დადასტურებული შემთხვევებიდან რამდენია COVID-19-ით გამოწვეული და არც ის, ახალი ტიპის პათოგენით გამოწვეული შემთხვევები თუა დაფიქსირებული.