იტალიაში, ქალაქ ბერგამოს პაპი იოანე XXIII-ის სახელობის ჰოსპიტალიდან, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, პანდემიის პირობებში "ევროპის ყველაზე დიდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებას" უწოდებდნენ, კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო პაციენტი გაწერეს.

23 თებერვლიდან გუშინ საღმომდე, 137 დღის განმავლობაში, ბერგამოს კლინიკა COVID-19-თან ბრძოლაში იყო ჩართული. მოცემულ მომენტში კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი აღარ წევს.

კლინიკის მთავარი მენეჯერის, მარია ბეატრიჩე სტატის განცხადებით, ბოლო პაციენტის გაწერა ექიმებისთვის ძალიან ემოციური მომენტი გახლდათ.

"როგორც იქნა, რეანიმაციის ყველა თანამშრომელი თავის ნორმალურ უნიფორმას დაუბრუნდა, ხოლო პალატები COVID-19-ისგან თავისუფალია. გადაუდებელი შემთხვევების დროს, ყველაზე მწვავე მომენტებში, ჩვენს კლინიკაში ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავდა. დღეს, შესაბამის განყოფილებებს შეუძლიათ, სხვა პათოლოგიების მკურნალობაზე გადაერთონ", — აღნიშნა ბეატრიჩე სტასიმ.

COVID-19-ის პანდემიამ იტალიას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ინფიცირებულთა რაოდენობა 242 ათასს გადააჭარბა, ხოლო 34 914 გარდაიცვალა.