ჩრდილოეთ იტალიაში მეთექვსმეტე საუკუნის ჩაძირული გემი იპოვეს
ხისგან აგებული ხომალდების ზღვაში აღმოჩენა ძალიან იშვიათი რამ არის იმიტომ, რომ მარილიანი წყალი ხის მასალისადმი დაუნდობელია. ამიტომაა ხმელთაშუა ზღვაში გაკეთებული ეს აღმოჩენა ასეთი მნიშვნელოვანი.
ჩრდილოეთ იტალიის სანაპიროების შესწავლისას, ორი პროფესიონალი მყვინთავი სრულიად შემთხვევით 50 მეტრის სიღრმეზე უზარმაზარ ხის ხომალდს გადაეყარა. მყვინთავები მომენტალურად მიხვდნენ, რომ მათი აღმოჩენა უნიკალური იყო.
გემის შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა იტალიის ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროში ამბობენ, რომ, შესაძლოა, ეს ხომალდი 1579 წელს ჩაძირული Santo Spirito იყოს, რომელიც თავის დროზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო გემი იყო.
მყვინთავები და არქეოლოგები ამ ხომალდის ნარჩენებს 70-იანი წლებიდან ეძებენ, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში მათი მცდელობა უშედეგო იყო.
ხომალდმშენებლებმა სანტო სპირიტო ძველი ქალაქ-სახელმწიფოს, რაგუზას გემების სტილის მიხედვით ააგეს. კარგად დოკუმენტირებული ისტორიის მიხედვით, ხომალდი ქარიშხალში 1579 წლის 29 ოქტომბერს მოჰყვა. მეზღვაურებს 2 ათასი ტონა ტვირთი ქალაქ გენოაში გადმოჰქონდათ, როცა გემი კლდეებს დაეჯახა და ფსკერისკენ დაშვება დაიწყო. ადგილობრივებმა მეზღვაურები გადაარჩინეს.
"ეს აღმოჩენა ხმელთაშუა ზღვაში მოგზაურობის ისტორიისთვის ნამდვილი საგანძურია", — ამბობს წყალქვეშა არქეოლოგი სიმონ ლუკა ტრიგონა.
აღსანიშნავია, რომ წყალქვეშა აღმოჩენა ამ ორ მყვინთავს, სუკის და სბარაინის პირველად არ გაუკეთებიათ. 2018 წელს მათ რომაული ხომალდიც აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, "დინამიურ დუოს" ჩაძირული ხომალდების პოვნის ინტუიცია აქვთ.
კომენტარები