გუგლი დინოზავრების AR მოდელების რეალურ სამყაროში ნახვის შესაძლებლობას გვაძლევს
ერთია, როცა ვკითხულობთ ინფორმაციას დედამიწაზე მოსეირნე დინოზავრების შესახებ, მაგრამ სრულიად სხვა განცდა დაგვეუფლება, მათ ჩვენს გარემომცველ სივრცეში, თითქმის რეალურად თუ დავინახავთ. ამ გრძნობის განცდაში გუგლი დაგვეხმარება. კომპანიამ საკუთარ საძიებო სისტემაში გაფართოებული რეალობის დინოზავრების 10 ახალი მოდელი დაამატა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შემდეგში ბრაქიოზავრის ან პტერანოდონის შესახებ ინფორმაციას მოიძიებთ, თქვენ მათი რეალისტური AR მოდელების ნახვასაც შეძლებთ.
გუგლმა გაფართოებულ რეალობაში ცხოველების მოდელები პირველად გასულ წელს, Google I/O კონფერენციაზე წარმოადგინა. ახლა კი არსებულ კოლექციას დინოზავრებიც შეემატა, რომელთა გრაფიკაც გაფართოებული რეალობის თამაშზე — Jurassic World Alive-ზეა დაფუძნებული.
გუგლის AR კოლექციაში ხელმისაწვდომი დინოზავრების მოდელები ისეთ სახეობებს მოიცავს, როგორებიცაა ტირანოზავრი რექსი, ველოცირაპტორი, ტრიცერატოპსი, სპინოზავრი, სტეგოზავრი, ბრაქიოზავრი, ანკილოზავრი, დილოფოზავრი, პტერანოდონი და პარაზავროლოფი.
ცხადია, ტირანოზავრი რექსის საცხოვრებელ ოთახში დატევა ცოტა რთული ამოცანაა, თუმცა გუგლის თქმით, AR-ში ცხოველების მასშტაბირება გარემოს გათვალისწინებით მოხდება. საინტერესოა, როგორ იმუშავებს მასშტაბირების ტექნოლოგია პრაქტიკაში, რადგან აქამდე გუგლის AR ობიექტების პროექცია ხშირად გარემოსთან შედარებით არაპროპორციული იყო.
აპარატული შეზღუდვების გამო AR მოდელების ტრანსლირების საშუალება ყველა სმარტფონს თუ პლანშეტს ვერ ექნება. ამისთვის თქვენს მოწყობილობას ARCore-ის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ხოლო ეფლის გაჯეტების შემთხვევაში, აუცილებელია iOS 11 ან უფრო ახალი ვერსიის გამოყენება. დინოზავრების AR მოდელების სანახავად საკმარისია, გუგლის აპლიკაციაში ან Safari/Chrome ბრაუზერში ერთ-ერთი დინოზავრის სახეობა მოძებნოთ.
კომენტარები