კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა — WHO
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემია ოფიციალურად დასრულდა. ეს სასიკვდილო ვირუსის რიგით მეათე ეპიდაფეთქება გახლდათ, რომელმაც 3,470 ადამიანი დააინფიცირა და 2 ათასი სიცოცხლე შეიწირა. ეპიდემიასთან 22-თვიან ბრძოლაში ათასობით სამედიცინო მუშაკი იყო ჩართული.
"ეპიდემიამ ჩვენ ბევრი რამ წაგვართვა, განსაკუთრებით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობას. თუმცა, ეს ღირებული გაკვეთილი გამოდგა. ამჟამად, ებოლას საპასუხოდ მსოფლიო უკეთ არის აღჭურვილი. ვაქცინის წარმოების ლიცენზია უკვე გაცემულია და დაავადების ეფექტიანი სამკურნალო საშულებები იდენტიფიცირებულია", — განაცხადა WHO-ს დირექტორმა, ტედროს ედჰენო გებრეიესუსმა.
ამ გამარჯვებას წინ უსწრებდა 2014-2016 წლების გამანადგურებელი ეპიდემია, რომელსაც 11 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს რეგიონული გადაუდებელი ჯანდაცვის სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა გახლდათ. ახლა უკვე ჩნდება იმედი, რომ ეფექტიანი ღონისძიებებით ებოლას შემდგომი ეპიდაფეთქების პრევენცია გახდება შესაძლებელი.
აღნიშნული სიახლე ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის, Ervebo, წარმატების შედეგია. ეს უკანასკნელი საოცრად ეფექტიანი საშუალება გამოდგა. იმუნიზაციის შემდეგ პაციენტთა 80% ინფიცირებისგან დაცული იყო, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში დაავადების სიმწვავე საგრძნობლად მცირდებოდა. ამის შესახებ ჟურნალში Nature გამოქვეყნებული სტატიიდან გახდა ცნობილი.
ვაქცინაცია ებოლათი ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფ 300 ათას ადამიანს ჩაუტარდა. იმუნიზაციასთან ერთად ანტისხეულებზე დაფუძნებული 2 მედიკამენტიც იყო ხელმისაწვდომი, რომლის მიღებაც ვაქცინაციის შემდგომ ნებაყოფლობითი გახლდათ. აღნიშნული საშუალებები ასევე ეფექტიანი აღმოჩნდა სიკვდილიანობის შემცირებისთვის ბრძოლაში.
ამ სამედიცინო გამარჯვებას ამჟამად საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივნისს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ეკვატორის რეგიონში ებოლას ვირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. WHO იმედოვნებს, რომ აქამდე გამოყენებული მეთოდოლოგია ახლაც ეფექტიანი აღმოჩნდება და ექიმები ვირუსის ლოკალიზაციას მალევე შეძლებენ.
კომენტარები