სტარტაპმა, რომელიც გადასახადების გადაუხდელობის რისკს ამცირებს, $52 მილიონი მიიღო
უმუშევრობის ზრდის საგანგაშო ტემპის გამო ჩვენ სულ უფრო მეტ ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანს ვხედავთ. ზუსტად ამიტომ, ახალი სტარტაპი, სახელად Symend, ქმნის პლატფორმას იმ ადამიანების იდენტიფიცირების გასამარტივებლად, რომლებსაც აღარ შეუძლიათ გადასახადების გადახდა. სტარტაპის მესვეურებმა განაცხადეს, რომ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და სერვისის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსება მიიღეს.
კანადაში დაფუძნებული სტარტაპი Symend ქმნის ქცევაზე დაფუძნებულ ანალიტიკურ პლატფორმას და იზიდავს მომხმარებლებს, რათა მოახდინოს მათ ანგარიშებში არსებული ფინანსური პრობლემების იდენტიფიცირება და შესთავაზოს ალტერნატიული გზები კრიზისის თავიდან ასაცილებლად. ამ ამოცანასთან გასამკლავებლად სტარტაპმა $52 მილიონის ოდენობის ინვესტიცია მიიღო.
კომპანიამ საქმიანობა 2016 წლიდან დაიწყო და ამ დროიდან მოყოლებული კორპორატიული მომხმარებლების შუამდგომლობით დაახლოებით 10 მილიონ მომხმარებელს მოემსახურა. განვითარების დღევანდელი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში კი, კომპანიის გენერალური დირექტორის, ჰანიფა იოშაგანის შეფასებით, წლის ბოლომდე სტარტაპი 100 მილიონამდე მომხმარებელს მოემსახურება.
ინვესტირების წინა ჯერზე სტარტაპმა ჯამში $8 მილიონი მიიღო. საინვესტიციო რაუნდს ვენჩურული კაპიტალი Inovia Capital უძღვებოდა, რომელშიც Ignition Partners, Impression Ventures, BDC Capital 's Women in Technology Fund, Mistral Venture Partners და "ანგელოზ-ინვესტორი", მარკუს ფრიდი მონაწილეობდნენ.
ონლაინ გადახდების სამყაროში, ცხადია, ყველაფერი უშუალოდ გადახდების ირგვლივაა კონცენტრირებული — უსაფრთხოება, მეტი მოქნილობა დეველოპერებისთვის და სიმარტივე საბოლოო მომხმარებლებისთვის.
თუმცა დღევანდელ რეალობაში ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა — ძირითად შემთხვევებში, გადახდის სისტემები მომხმარებლებთან შეხების მთავარი წერტილია. ამიტომ ცუდმა სამომხმარებლო გამოცდილებამ, შესაძლოა, ყველაფერი გააფუჭოს. ცუდ სამომხმარებლო გამოცდილებაში იგულისხმება შემთხვევა, როცა მომხმარებელი, რომელიც ისედაც არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაშია — მათ შორის, ჯარიმების გამო — იღებს გამაფრთხილებელ შეტყობინებებს, რომლებიც მის მდგომარეობას მხოლოდ აუარესებს.
Symend-ის გადაწყვეტა ქცევის ანალიტიკის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცდილობს, დაადგინოს შესაძლო პრობლემების წარმოქმნის დრო და ადგილი, რასაც პლატფორმა ალტერნატიული გამოსავლის ძიებით პასუხობს — იქნება ეს გადასახადების გადავადება თუ რაიმე სხვა.
მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ პლატფორმა უნდა დაეხმაროს ბიზნესს აღდგენის გზების მოძიებაში და დაკარგული თანხების ნაწილობრივ დაბრუნებაში იმ დრომდე, სანამ მომხმარებლის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
მაშინ, როცა უამრავი ადამიანი პანდემიით გამოწვეულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას უმკლავდება, კომუნალური გადასახადების ტვირთის შესამსუბუქებლად შეიქმნა სუბსიდირების სამთავრობო პროგრამები, რომლებიც გარკვეულ სოციალურ ჯგუფებზეა გათვლილი. მიუხედავად ამისა, მსგავსი ინიციატივები ვერ აკმაყოფილებენ ყველა ადამიანის თუ ბიზნესის საჭიროებებს.
კომპანიის წარმომადგენლები ვრცლად არ საუბრობენ საკუთარი პლატფორმის მუშაობის სპეციფიკურ ასპექტებზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ მომხმარებელთა მდგომარეობის შეფასებისას ისინი ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან იღებენ — მათ შორის ბიზნესიდან და სხვა ირიბი წყაროებიდან. ეს მეთოდოლოგია არ ჰგავს ხელოვნური ინტელექტის მიერ შედგენილ მონაცემთა ცხრილს, რომელსაც ხშირად ფინტექში იყენებენ ადამიანისთვის კრედიტის გაცემის მიზანშეწონილობის შესაფასებლად.
"მოგვიყევით, რა გაქვთ თქვენ და ჩვენ ვიფიქრებთ, თუ რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ. ჩვენ გარკვეულ მოქნილობას ვიჩენთ იმის გათვალისწინებით, თუ რა ინფორმაციას გვაწვდის მომხმარებელი", — აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
კომპანიის სერვისის ფასწარმოქმნის პროცესში ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად ხელსაყრელია ის მომხმარებლისთვის. ამისთვის ხდება მუდმივი ანალიზი, რომელსაც კომპანია საკუთარ მომხმარებლებს უზიარებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, საშუალოდ, ინვესტიციაზე უკუგების კოეფიციენტი (ROI) Symend-ში ჩადებული რესურსის ათმაგ ოდენობას შეადგენს.
"ჩვენთვის შთამბეჭდავია Symend-ის ძალისხმევა, რომელიც რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს მეტ მოქნილობას სთავაზობს, როცა მათ ფინანსური ვალდებულებების და კრედიტების დაფარვა უწევთ. ჩვენი ინვესტიცია ამ დიდ გუნდში ნიშნავს იმას, რომ ძალიან ვაფასებთ მათ გახსნილობას და მიზანდასახულობას ამ საკმაოდ კრიტიკული პრობლემის მოგვარების გზაზე", — ნათქვამია Inovia Capital-ის პარტნიორის, დენის კაველმანის განცხადებაში.
კომენტარები