რუსეთის კოსმოსური სააგენტო 2023 წლისთვის ტურისტის ღია კოსმოსში გაშვებას გეგმავს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო, Roscosmos 2023 წლისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდ Soyuz-ის მეშვეობით ორი ტურისტის გაშვებას გეგმავს. სადგურზე ყოფნის განმავლობაში ერთ-ერთი ტურისტი გამოცდილ კოსმონავტთან ერთად ღია კოსმოსშიც იმოგზაურებს.
ტურისტების წასაყვანად Roscosmos ამერიკულ კომპანია Space Adventures-თან თანამშრომლობს, რომელიც კლიენტების კოსმოსში მოგზაურობის საკითხების მოგვარებაზე სპეციალიზირდება. კომპანიას Roscosmos-სთან აქამდეც უმუშავია, როდესაც სააგენტომ კოსმოსურ სადგურზე შვიდი ტურისტი გაუშვა.
2009 წლიდან Roscosmos-მა ტურისტული საქმიანობა შეაჩერა და ძირითადად კოსმოსურ სადგურამდე NASA-ს ასტრონავტების მიყვანით იყო დაკავებული. როდესაც 2011 წელს შატლის პროგრამა დასრულდა, Soyuz სადგურამდე მისასვლელ ერთადერთ გზას წარმოადგენდა. ხომალდის თითოეული ადგილისთვის NASA დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც SpaceX-მა CrewDragon-ით NASA-ს ორი ასტრონავტი გაუშვა, სააგენტო Soyuz-ზე დამოკიდებული აღარ არის. ამასთან, განვითარების პროცესშია კომპანია Boeing-ის კაფსულა, Starliner, რომელიც ასევე მიიყვანს ასტრონავტებს სადგურზე.
აღსანიშნავია, რომ იმ ტურისტებიდან, რომლებიც აქამდე სადგურზე გაფრენილან, ღია კოსმოსში არცერთი არ გასულა, რადგან ეს რთული პროცესია და ჯერ კიდევ მიწაზე ყოფნისას მუდმივ ვარჯიშს მოითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაჯდება მსგავსი მოგზაურობა. ასევე უცნობია, თუ რა ტიპის მომზადებების გავლა მოუწევს კლიენტს.
"ღია კოსმოსში ტურისტის გასვლით კოსმოსური ტურიზმის განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება", — განაცხადა Space Adventures-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ერიკ ანდერსონმა.
კომენტარები