ნორვეგიაში საუკუნის განმავლობაში პირველად ვიკინგების გემის გათხრები დაიწყო
არქეოლოგებმა ნორვეგიაში ვიკინგების გემის გათხრები დაიწყეს. ქვეყანაში მსგავსი სამუშაოები საუკუნეზე დიდი ხანია, არ ჩაუტარებიათ.
გემი ორი წლის წინ ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გელესტადის სასაფლაოზე იპოვეს.
მართალია, დიდი ალბათობით, გემი დაზიანებულია, აღმოჩენა მაინც დიდი მნიშვნელობისაა, რადგან ქვეყანაში აქამდე ვიკინგების მხოლოდ სამი კარგად შემონახული ხომალდი იყო ნაპოვნი.
გათხრები მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში ჩატარდება.
ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი, კნუტ პააში აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, გემის ხის მხოლოდ ნაწილია შენარჩუნებული, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით, არქეოლოგებს ნამარხის თავდაპირველი ფორმის დადგენა არ უნდა გაუჭირდეთ.
გემი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 20 მეტრია, მიწის ქვეშ გეორადარის მეშვეობით 2018 წელს აღმოაჩინეს.
გემთან ერთად ყორღანები, იგივე საფლავის ბორცვები და რეგიონისთვის დამახასიათებელი, ეგრეთ წოდებული გრძელი სახლების ნამარხები იპოვეს.
"გელესტადის გემი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენაა", — განაცხადა ნორვეგიის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა, სვეინუნგ როტევანტმა, რომელმაც გათხრით სამუშაოებს ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი.
კომენტარები