ინდოეთში ქვიშაში ჩაფლული 200 წლის წინანდელი ტაძარი იპოვეს
ინდოეთში ქვიშაში დამარხული 200 წლის ინდუისტური ტაძარი აღმოაჩინეს. ნაგებობა, რომელსაც Nageswara Swamy ეწოდება, ქალაქ პერუმალპატუში მდებარეობს.
Nageswara Swamy ქვიშაში მას შემდეგ ჩაიმარხა, რაც მდინარე პენამ კალაპოტი იცვალა. არქეოლოგ რამასუბა რედის თქმით, ტაძრის ქვიშაში ჩაფლობა 1850 წელს, რეგიონში მომხდარი მასიური წყალდიდობების დროს დაიწყო.
"ახალგაზრდა ენთუზიასტებმა ტაძრის ამოთხრა მოახერხეს. ჩვენ მის რეკონსტრუქციას ვგეგმავთ, რათა მასში ღვთისმსახურება აღდგეს", — განაცხადა ქალაქის მაცხოვრებელმა, პოთუგუნტა ვარაპრასადმა.
India.com-ის მიხედვით, დაახლოებით 35-მა ახალგაზრდამ, რომლებმაც უძველესი ტაძრის შესახებ ქალაქის უხუცესებიდან გაიგეს, მისი ქვიშისგან გაწმენდა გადაწყვიტეს. მათ გათხრების გაგრძელება სურდათ, მაგრამ ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სამუშაოები შეაჩერეს, რადგან უძელესი სტრუქტურის დაზიანების შეეშინდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ქვიშისგან მთლიანად გაწმენდილი არ არის, ამ ისტორიული და რელიგიური ნაგებობის ნაწილებმა უკვე მრავალი ადამიანის ყურადღბა მიიპყრო და ხალხს მისი მონახულება და მოლოცვა სურს.
კიდევ ერთი მაცხოვრებლის, ვარა პრასადის თქმით, ეს ორსაუკუნოვანი ტაძარი მიმდებარე დასახლების ბინადრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი რეკონსტრუქცია სასულიერო პირებთან და უხუცესებთან შეთანხმებით დაიწყება.
კომენტარები