კაცი, რომელიც ციფრებს "ვერ ხედავს" — მკვლევრები უჩვეულო შემთხვევას სწავლობენ
ერთ-ერთი პაციენტის უჩვეულო შემთხვევას მეცნიერები დიდი ხანია, რაც იკვლევენ — იგი ნევროლოგიური ტრავმით იტანჯება და 2-დან 9-ის ჩათვლით ციფრების აღქმა არ შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ იგი ასოებს, სიმბოლოებს და, რაც ყველაზე უცნაურია, ორ ციფრს — 0-სა და 1-ს ჩვეულებრივად აღიქვამს.
"ამ კვლევაში ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მის ტვინში", — განაცხადა კვლევის ავტორმა, მაიკლ მაკკოსკიმ.
პაციენტს Corticobasal-ის სინდრომით ცნობილი, ტვინის იშვიათი დაავადება აქვს, რომელიც ტვინის დაზიანების დროს ვითარდება. იმ ადამიანების უმეტესობა, რომელსაც ეს დაავადება სჭირს, ისეთი სიმპტომებით იტანჯება, როგორიც მეხსიერების პრობლემები, კუნთების სპაზმები და სიარულის გართულებაა. თუმცა, ამ სიმპტომებთან ერთად აღნიშნულმა პაციენტმა ციფრების აღქმის და აღწერის უნარიც დაკარგა.
მკვლევრების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ პაციენტი სტაფილოსფერი 8-ის აღქმას და დაწერას ცდილობს, მაგრამ ამის ნაცვლად იგი სრულიად სხვა ფორმებს ხაზავს. კიდევ ერთი ექსპერიმენტის დროს გუნდმა ნახატები ან სიტყვები დიდი ზომის ციფრების გვერდით ან შიგნით მოათავსა. პაციენტმა, მართალია, ცალკე სიტყვების წაკითხვა შეძლო, თუმცა ციფრებში მოთავსებული სურათები ვერ აღიქვა.
"მხედველობის აღქმის დაკარგვის მსგავსი იშვიათი შემთხვევის დროს როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს ნაკლი ნამდვილია? ნებისმიერი უჩვეულო დეფექტი, შესაძლოა, ფსიქიატრიული ან ფსიქოგენური დარღვევის შედეგი იყოს და არა კოგნიტური უნარების გაუარესების", — ნათქვამია კვლევაში.
"კვლევის პროცესში, პაციენტის მდგომარეობის გასარკვევად მას ფსიქიატრთან ჰქონდა შეხვედრები. ფსიქიატრს ისეთი კოგნიტური თუ ფიზიკური სიმპტომები არ შეუმჩნევია, რომლებიც ფუნქციურ დარღვევაზე შეიძლება იყვნენ პასუხისმგებლები", — აცხადებენ მკვლევრები.
გუნდი პაციენტთან დაახლოებით რვა წლის განმავლობაში მუშაობდა, მათ რიცხვთა აღმნიშვნელი სისტემაც კი შექმნეს, რომელიც სპეციალურად მასზეა მორგებული. თუმცა მკვლევრება უფრო ნათელი სურათის დანახვა ელექტროენცეფალოგრაფის გამოყენების შემდეგ შეძლეს.
როდესაც პაციენტი ციფრის შიგნით მოთავსებულ ნახატს ან სიტყვას უყურებდა, მას არ შეეძლო ეთქვა, იყო თუ არა ციფრის შიგნით რაიმე, თუმცა მკვლევრების მიხედვით, მის ტვინს ეს შეეძლო.
"მას არ შეეძლო ეთქვა, რომ სიტყვა ნამდვილად იქ იყო, თუმცა მისი ტვინი არა მხოლოდ ამჩნევდა მას, არამედ ზუსტად იცოდა, რომელი სიტყვა იყო ეს", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა, ტერესა შუბერტმა.
ნევროლოგიაში, როგორც წესი, მიიჩნევა, რომ ვიზუალურ აღქმას ის ნერვული აქტივობა იწვევს, რომელიც ელექტროენცეფალოგრაფზე გამოჩნდა. თუმცა ეს კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს ვიზუალის დამუშავების კიდევ ერთი, დამატებითი საფეხური და სწორედ ამ უკანასკნელ საფეხურზე აღენიშნება მოცემულ პაციენტს რაღაც ტიპის დარღვევა.
კვლევა 22 ივნისს ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები