Microsoft-ის თქმით, Mixer-ის დახურვით Ninja-სთან და Shroud-თან კონტრაქტი უქმდება
მიუხედავად იმისა, რომ Youtube ვიდეოების ყველაზე პოპულარული საიტია, ამაზონის საკუთრებაში მყოფი Twitch ლაივსტრიმინგის დაუმარცხებელი გიგანტია, რომელსაც ყოველდღე მილიონობით ადამიანი უყურებს.
არც ისე დიდი ხნის წინ Microsoft-მა თავისი სტრიმინგ სერვისის, Mixer-ის პოპულარიზაცია სცადა. კომპანიისთვის სამწუხაროდ, ის Twitch-ის პოპულარობასთან ახლოსაც ვერ მივიდა.
პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით, Microsoft-მა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სტრიმერებთან, ტაილერ ბელვინსთან (Ninja) და მაიკლ გრზესიეკისთან (Shroud) ექსკლუზიურ კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, ეს ორი პროფესიონალი გეიმერი მხოლოდ Mixer-ზე დასტრიმავდა.
22 ინვისს Microsoft-მა Mixer-ის დახურვის შესახებ განაცხადა. როგორც ჩანს, კომპანია ლაივსტრიმების გაშვებას 22 ივლისს შეწყვეტს, პლატფორმაზე არსებულ სტრიმერებს კი Facebook Gaming-ზე (ფეისბუქის მიერ შექმნილი Twitch-ის კონკურენტი პლატფორმა) გადასვლის საშუალება მიეცემათ.
Microsoft-ში ამბობენ, რომ Ninja-მ და Shroud-მა სათანადო კომპენსაცია მიიღეს და ისინი ამიერიდან "თავისუფალი აგენტები" არიან.
ელექტრონული სპორტის კონსულტანტის, როდ ბრესლაუს თქმით, Ninja-მ Mixer-ზე სტრიმინგისთვის $30 მილიონი მიიღო, Shroud-მა კი $10 მილიონი. თუმცა, ამ თანხაზე ოფიციალური კომენტარი ზემოხსენებულ სტრიმერებს არ გაუკეთებიათ.
როგორც ჩანს, Twitch-ის მთავარი კონკურენტი ახლა Facebook Gaming-ია, რომელზეც, სავარაუდოდ, ბევრი Mixer-ის სტრიმერი გადავა.
კომენტარები