გუშინ მზის წრიული დაბნელება იყო — ნახეთ ფოტოები
21 ივნისს მზის წრიული დაბნელების მომსწრენი გავხდით. ეს მოვლენა თითქმის ყოველ წელს ხდება, მაშინ, როდესაც დედამიწასა და მზეს შორის მოქცეული მთვარე ჩვენთან იმდენად ახლოს არ იმყოფება, რომ მზე მთლიანად დაფაროს.
წელს ეს მოვლენა პირველად კონგოს რესპუბლიკაში, ადგილობრივი დროით 05:56-ზე გამოჩნდა, მზის ამოსვლიდან რამდენიმე წუთში. დაბნელების მაქსიმალურ წერტილს კი მან ინდოეთში, უტარაკჰანდის თავზე ადგილობრივი დროით 12:10 წუთზე მიაღწია.
ნაირობიში დამკვირვებლები მხოლოდ სანახევრო დაბნელების მომსწრეები გახდნენ, ღრუბლებმა ცა სწორედ იმ დროს დაფარა, როდესაც მთვარე მზეს უნდა გადაფარებოდა.
ასტრონომ ფლორენტ დელეფინის თქმით, მზის წრიული დაბნელების დანახვა დედამიწის ზედაპირის მხოლოდ ორი პროცენტიდან არის შესაძლებელი.
შრი-ლანკაში მდებარე პლანეტარიუმი პანდემიის პირობებში ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად დაიკეტა, თუმცა დაბნელების ნახვა ფეისბუქიდან ლაივსტრიმის მეშვეობით იყო შესაძლებელი. კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები ნეპალის დედაქალაქ კატმანდუშიც მიიღეს. სახურავზე უამრავი სტუდენტი შეიკრიბა, თუმცა ყველაფერი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობდა.
მზის წრიული დაბნელების ნახვა შესაძლებელი საქართველოდანაც იყო, თუმცა ჩვენთან ეს მოვლენა მხოლოდ ნაწილობრივ ჩანდა.
აღსანიშნავია, რომ სულ მალე, 5 ივლისს მთვარის დაბნელება მოხდება. ამ მოვლენის ნახვა მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, სამხრეთ ევროპიდან და აფრიკიდან იქნება შესაძლებელი.
მომდევნო მზის წრიული დაბნელება კი 2021 წელს მოხდება და მისი ნახვა მხოლოდ არქტიკიდან იქნება შესაძლებელი.
კომენტარები