სტარტაპი მგზავრების სტრატოსფეროში გაშვებას ჰაერბურთით გეგმავს
სტარტაპი, რომელმაც 2013 წელს ჰაერბურთით ადამიანების სტრატოსფეროში გაშვება დაგეგმა, ახლახან წამოწყება განაახლა, რომელსაც Space Perspective უწოდეს.
სტარტაპის აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა, ტაბერ მაკკალუმმა და ჯეინ პოინტერმა კაფსულის კონცეფცია წარადგინეს, რომელსაც Spaceship Neptune ჰქვია და განაცხადეს, რომ უეკიპაჟო სატესტო ფრენები მომავალ წელს დაიწყება.
წყვილის კონცეფცია საკმაოდ ამბიციურია: კაფსულა Spaceship Neptune ჰაერბურთმა მგზავრები დაახლოებით 30 კილომეტრ სიმაღლეზე უნდა აიყვანოს, ბილეთის ფასი კი 75 ათასი დოლარი იქნება. პოინტერის თქმით, ფრენები 2024 წელს დაიწყება.
აფრენას, დაშვებას და უშუალოდ მოგზაურობას ორ-ორი საათი დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში მგზავრობა 6 საათს გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, კაფსულაში ბარი იქნება განთავსებული, ასევე თვითმფრინავის სტილის ტუალეტი.
აღსანიშნავია, რომ ჰაერბურთი კოსმოსამდე მიღწევას ვერ შეძლებს, რადგან 30 კილომეტრი ამისთვის საკმარისი არ არის. ე.წ. კარმანის ხაზი, რომელიც ატმოსფეროსა და ღია კოსმოსს ერთმანეთისგან ჰყოფს, 100 კილომეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 30 კილომეტრ სიმაღლეზე კი სტრატოსფერო, ატომსფეროს ერთ-ერთი ფენაა განლაგებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხედი საოცარი არ იქნება.
Space Perspective-მა ფლორიდაში მდებარე კოსმოდრომთან საიჯარო ხელშეკრულება უკვე დადო. კაფსულაზე მუშაობა და სატესტო ფრენები NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში განხორციელდება, თუმცა ნამდვილ, მგზავრებით დატვირთულ ფრენამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.
კომენტარები