ტვიტერის საცდელი ფუნქცია სტატიის გაზიარებამდე მის წაკითხვას გვირჩევს
თუ ამ სტატიის ტვიტერზე გაზიარებას ისე გადაწყვეტთ, რომ მასში არც კი შეიხედავთ, შესაძლოა, კომპანიის ახალმა საცდელმა ფუნქციამ თავაზიანად გკითხოთ, ხომ არ სჯობს, გამოქვეყნებამდე ტექსტს გადახედოთ.
ტვიტერმა ამ ფუნქციის გამოცდა "ინფორმირებული დისკუსიის წასახალისებლად" გადაწყვიტა. მისი მეშვეობით, როცა ვინმე Android-ით სტატიის გადატვიტვას მის გაუხსენლად გადაწყვეტს, გამაფრთხილებელ შეტყობინებას დაინახავს.
"სტატიის გაზიარება ხშირად დიალოგის წამოწყების წინაპირობა ხდება, ამიტომ გაზიარებამდე მისი წაკითხვა კარგი იდეაა", — წერია კომპანიის განცხადებაში.
ეს სიახლე ტვიტერის მხრიდან ბოლო თვეებში მიღებული იმ რამდნიმე ზომის ნაწილია, რომლის მიზანიც სოციალურ მედიაზე თანმიმდევრული დისკურსის ჩამოყალიბებაა. მაგალითად, მაისში კომპანიამ თავის პლატფორმაზე კონფლიქტური სიტყვა-პასუხის შესამცირებლად მომხმარებლებს წარუდგინა ფუნქცია, რომლითაც მათ შესაძლებლობა მიეცათ, თავად აირჩიონ, ვის ექნება მათ ტვიტებზე პასუხის გაცემის უფლება.
კომპანიამ ბოლო დროს ასევე ფაქტების გადამოწმების მეტად მკაცრი პოლიტიკაც შეიმუშავა. მაგალითად, მან კორონავირუსის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გამავრცელებელი ტვიტებისთვის გამაფრთხილებელი ნიშნის დართვა დაიწყო და თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტიც კი დამალა "ძალადობის წახალისების" მიზეზით.
ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა ტვიტერი სტატიის გაზიარებამდე მისი წაკითხვის რჩევის ფუნქციის მუდმივად და საყოველთაოდ დანერგვას.
კომენტარები