CDC ამბობს, რომ კორონავირუსი დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით “ადვილად არ გადადის”
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ყოველთვის იუწყებოდა, რომ კორონავირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით ინფიცირება შესაძლებელია. თუმცა, როგორც ირკვევა ეს არც ისე მარტივია. ადამიანური ან ცხოველური კონტაქტით ვირუსი ბევრად სწრაფად ვრცელდება.
"COVID-19 ახალი დაავადებაა და მის გავრცელებასთან ერთად ბევრს ვსწავლობთ", — ვკითხულობთ CDC-ის ახალ გაიდლაინში. "გამორიცხული არაა, რომ COVID-19-ის გადადება სხვა ხერხითაც შეიძლება, თუმცა ეს ვირუსის გავრცელების მთავარი გზა არ არის".
"ბევრი შიშობდა, რომ კორონავირუსი შეიძლება ზედაპირთად ან ნივთთან უბრალო შეხებით აითვისონ, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. მაშინაც კი, როცა ვირუსი ზედაპირზე ჩერდება, ეს არ ნიშნავს, რომ ის რეალურად ინფექციურია", — ამბობს ექიმი ჯონ ვაიტი Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში.
New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნაჩვენებია, რომ გარკვეულ ზედაპირებზე ვირუსი დღეების მანძილზე რჩება. მაგალითად, პლასტმასზე ვირუსი 2-3 დღის მანძილზე ჩერდება, ხოლო სპილენძზე 24 საათი.
მიუხედავად ამისა, არსებული მონაცემების მიხედვით, ზედაპირიდან ინფიცირება ძალიან რთული და ნაკლებად ალბათურია. ვირუსის გავრცელების მთავარ გზად ადამიანური კონტაქტი რჩება. CDC-ის მიხედვით, ინფექციის რისკის შემცირების საუკეთესო საშუალება სოციალური დისტანცირებაა.
კომენტარები