ტორონტოში ვან გოგის შემოქმედების Drive-Thru გამოფენა მოეწყობა
COVID-19-ის პანდემიის გამო უამრავი მუზეუმი და გალერეა დაიკეტა. თუმცა, გამოფენის ორგანიზატორებმა ვან გოგის შემოქმედების ჩვენების ინოვაციური ხერხი იპოვეს. ივნისისთვის ხელოვნების მოყვარულებს, ტორონტოში ნახატებით ტკბობა უზარმაზარ სივრცეში მანქანებიდან გადმოუსვლელად შეეძლებათ.
გამოფენა "იმერსიული ვან გოგი" თავის დროზე Toronto Star-ის ხუთ სართულიან შენობაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სოციალური დისტანცირების ზომების შემოღების შემდეგ, გამოფენის მაისში გახსნა ჩაიშალა. ამიტომ, ორგანიზატორებმა ინსტალაციის გამართვა ივნისში, 1 200 კვადრატული მეტრის სივრცეში გადაწყვიტეს.
"სინათლეები ქვრება და პროექცია იწყება", — ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, კორი როსი. "ისეთი შეგრძნება გექნებათ თითქოს მანქანა ნახატებს შორის ტივტივებს". გამოფენა ვან გოგის ნახატების პროექციების, მუსიკის და სინათლეების საინტერესო ნაზავი იქნება.
ბილეთები აღნიშნულ ინსტალაციაზე უკვე სრულად გაყიდულია. ისინი ვინც Drive-Thru გამოფენას დაესწრებიან, ივლისი-სექტემბრის პერიოდში ფიზიკურ გამოფენაზე დასწრებასაც შეძლებენ.
"ჩვენ გავიგეთ, რომ ონტარიოში და მთლიანად კანადაში უამრავი ხელოვნების ორგანიზაცია დაიხურა და ბევრმა სამსახურიც დაკარგა", — ამბობს როსი. "ამან კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა".
"იმერსიული ვან გოგის" ინსტალაცია Atelier des Lumieres-ის ორგანიზებულია. მსგავსი გამოფენა შარშან პარიზში ჩატარდა, რამაც 2 მილიონი ვიზიტორი მოიზიდა. საფრანგეთში ჩატარებული შოუს კრეატიული დირექტორი მასიმილიანო სიკარდი და კომპოზიტორი ლუკა ლონგობარდი ტორონტოში გამართულ გამოფენაზეც იმუშავებენ.
შოუს ფარგლებში ვან გოგოის ნახატების მაღალი გარჩევადობის ნახატები კედლებზე და იატაკზე იქნება განათებული. გამოფენისთვის ლონგობარდიმ ხმის ეფექტებით გაჯერებული სპეციალური მუსიკა დაწერა.
კომენტარები