მაიკროსოფტის PowerToys-ს ლანჩერის ფუნქცია დაემატა
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მაიკროსოფტი Windows-ისთვის ახალი საძიებო ველის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც გარკვეულწილად macOS-ის Spotlight-ის მსგავსი უნდა იყოს. დღეს ახალი საძიებო ველის მოსინჯვა PowerToys ხელსაწყოს ახალი ვერსიის გამოყენებით შეგიძლიათ.
PowerToys Run შექმნილია ტრადიციული Windows + R კლავიშების კომბინაციის ჩანაცვლების მიზნით, რაც ოპერაციულ სისტემაში საჭირო ობიექტის ძიების პროცესს გაამარტივებს. ახალ ლანჩერს ყველა აქამდე ცნობილი ე.წ "ცხელი კლავიშის" და სხვადასხვა პლაგინის მხარდაჭერაც აქვს, რაც სისტემის ფუნქციონალს უფრო მრავალფეროვანს გახდის.
მაგალითისთვის, მომავალში PowerToys Run-ის გამოყენება ინტერნეტში ძიების მიზნითაც შესაძლებელი იქნება. შეგახსენებთ, რომ ვინდოუსის ძიების ძველ ვერსიას ინტერნეტში მუშაობა მხოლოდ Bing-ის საშუალებით შეუძლია, ხოლო შედეგის ბმული მხოლოდ Microsoft Edge-ში იხსნება. PowerToys Run-ით თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ფაილები, ბრაუზერის გახსნილი ტაბები, აპლიკაციები და სხვა.
PowerToys Run ახალ 0.18 ვერსიასთან ერთად საშუალებას გაძლევთ საკუთარი ფუნქციური მნიშვნელობა მიანიჭოთ ამა თუ იმ კლავიშს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამიერიდან PowerToys-ს ფონურ რეჟიმში მუშაობის და ავტომატური განახლების მხარდაჭერაც აქვს.
PowerToys-ის გადმოწერა GitHub-დან შეგიძლიათ.
კომენტარები