ევროკავშირში სკოლების გახსნას COVID-19-ის შემთხვევების ზრდა არ მოჰყოლია
ევროკავშირის ქვეყნების განათლების მინისტრების მიერ ჩატარებული ვიდეოკონფერენციის მიხედვით, 22 ქვეყანაში სკოლების გახსნას ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება არ მოჰყოლია.
კარანტინის წესების შემსუბუქების ფარგლებში აღნიშნულმა ქვეყნებმა საშუალო და უფროსკლასელ მოსწავლეებს სკოლებში დაბრუნების უფლება მისცა, აქედან 17-მა ქვეყანამ კი საბავშვო ბაღებიც გახსნა. თუმცა ამ სკოლების უმეტესობა მხოლოდ ორი კვირითაა ღია.
დანია კი პირველი ევროპული ქვეყნაა, რომელმაც ბაგა-ბაღები, ბაღები და დაწყებითი სკოლები ჯერ კიდევ 15 აპრილს გახსნა. მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ ბლაჟენკა დივიაკმა განაცხადა, რომ შემთხვევების განსაკუთრებული მატება ან რაიმე სხვა ნეგატიური გავლენა აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს, რათა სკოლების უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომების მიღება გახდეს შესაძლებელი.
"სკოლები, რომლებიც გაიხსნა, სპეციალურ პირობებს აკმაყოფილებენ — სტანდარტულთან შედარებით, შექმნილია პატარა ჯგუფები, დაწესებულებებს კი ჯანდაცვის მინისტრებთან და ეპიდემიოლოგებთან საკმაოდ ახლო კავშირი აქვთ, რათა მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვისა და მშობლებისთვის საჭირო რეკომენდაციები გაიცეს", — განაცხადა მან. "ჯერჯერობით სკოლების გახსნასთან დაკავშირებით ნეგატიური არაფერი გაგვიგია, თუმცა, შესაძლოა, საბოლოო დასკვნების გამოტანა ჯერ ძალიან ადრე აღმოჩნდეს".
საფრანგეთის განათლების მინისტრმა კი განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მკაცრი კარანტინი დასრულდა, ბავშვების სახლში გამოკეტვა ბევრად საზიანოა, ვიდრე მათი სკოლაში გაშვება.
საფრანგეთში მკაცრი კარანტინი რვა კვირა გრძელდებოდა, მისი დასრულების მეორე კვირას კი ბავშვები სკოლებში დაბრუნდნენ, თუმცა მხოლოდ მწვანე ტერიტორიებზე — სადაც ვირუსის ფართოდ გავრცელება შეჩერებულია და საავადმყოფოები გადატვირთული არ არის.
"კითხვები, რა თქმა უნდა, იარსებებს, თუმცა ამის გამო შეჩერება არ ღირს, რადგან თუკი ბავშვებს რამდენიმე თვის განმავლობაში სკოლაში სიარულის საშუალებას არ მივცემთ, ეს საშინელი ზიანის მომტანი იქნება ყველასთვის", — განაცხადა საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკერმა.
მას ასევე იმედი აქვს, რომ სკოლები სულ მალე წითელ ზონებშიც გაიხსნება და უმცროსკლასელებთან ერთად განათლების მიღებას უფროსკლასელებიც შეძლებენ.
კომენტარები