კორონავირუსი ხმამაღლა საუბრით უფრო სწრაფად ვრცელდება და ჰაერში 14 წუთი რჩება
SARS-Cov-2 რესპირატორული ვირუსია, რომელიც მეტწილად სასუნთქი სისტემით ვრცელდება. დაცემინებისას ან ხველებისას ინფიცირებული ადამიანის პირის ღრუდან ნერწყვი და პატარა ნაწილაკები გამოიტყორცნება, რომლებიც ვირუსის ათასობით ნაწილაკს შეიცავენ. ეს კი პათოგენის გავრცელებას იწვევს.
ხველება და ცემინება ვირუსებით გაჯერებული წვეთების გავრცელების ერთადერთი წყარო არ არის. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ უბრალო საუბრის დროსაც კი ადამიანები ორალური სითხის ათასობით პატარა ნაწილაკს გამოჰყოფენ. შესაბამისად, ვირუსი ლაპარაკითაც ვრცელდება.
PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერები დაინტერესდნენ რამდენად დიდ ხანს ძლებს საუბრისას გამოტყორცნილი ორალური სითხე ჰაერში.
მკვლევრებმა მოხალისეებს ერთიდაიგივე ფრაზების გამეორება სთხოვეს და საუბრისას გამოტყორცნილი წვეთები სენსიტიური ლაზერით გაზომეს. შედეგად მკვლევრებმა საინტერესო მიგნება გააკეთეს: ხმამაღლა მოსაუბრეების ნერწყვი უფრო შორს ვრცელდება და ჰაერში უფრო დიდ ხანს, დაახლოებით 14 წუთს რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი კონტროლირებად, დახურულ გარემოში ჩატარდა, კვლევა საკმაოდ რელევანტურია. მარტივად რომ ითქვას ინფიცირებული ადამიანები ვირუსის გავრცელების საფრთხეს, ლაპარაკის დროსაც წარმოადგენენ.
ადამიანებს ლაპარაკს ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფიცირებულმა ადამიანებმა ან მათ ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, გარეთ გადაადგილება და სხვა ხალთან ფიზიკური ინტერაქცია შეზღუდონ.
კომენტარები