ამ სიმულაციით CrewDragon-ის ISS-თან დაკავშირებაში ივარჯიშებთ
წარმატებული გაშვების შემდეგ რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს უნდა დაუკავშირდნენ. ეს თბილისის დროით 18 საათსა და 29 წუთზე მოხდება.
რამდენიმე კვირის წინ SpaceX-მა სიმულაცია შექმნა, სადაც შეგიძლიათ ხომალდის სადგურთან დაკავშირება პირადად სცადოთ.
სიმულაციის დაწყებისას CrewDragon კოსმოსში დახრილ მდგომარეობაშია და გასწორება სჭირდება, წინ კი ვირტუალური ISS-ია, რომელსაც უნდა დაუკავშირდეთ. საბედნიეროდ ხომალდზე საკმაოდ ბევრი კონტროლერია განთავსებული, რათა მას სწორი პოზიცია დაუბრუნოთ და სადგურთან დააკავშიროთ. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ კოსმოსში წინ, უკან ან გვერდით მოხვევა მარტივი საერთოდ არ არის.
სიმულაციაში მარცხნივ განთავსებული ღილაკები CrewDragon-ის მოძრაობას აკონტროლებს — წინ, უკან, მაღლა, დაბლა, მარჯვნივ და მარცხნივ. ხოლო მარჯვნივ არსებული კონტროლერები ორიენტაციას, გადახრას და ბრუნვას მართავს.
ISS-მდე სწრაფად მისვლის იმედი ნამდვილად არ უნდა გქონდეთ, რადგან ეს პროცესი ძალიან ნელია და პაწაწინა მოძრაობასაც კი საკმაო დრო სჭირდება.
რაც შეეხება CrewDragon-ის ასტრონავტებს, მათ სადგურთან დასაკავშირებლად ხომალდის ხელით მართვა არ მოუწევთ. სისტემა ისეა შექმნილი, რომ "დრაკონი" ISS-ს ავტომატურად დაუკავშირდება.
კომენტარები