რა ვიცით ახალი iPhone 12-ის შესახებ
დაახლოებით ორი წელია, რაც ანდროიდ ფლაგმანების ეკრანების კადრის განახლების სიხშირე 90 და 120 ჰერცს აღწევს — ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა მაშინ, როცა ეფლის iPhone 11 Pro-ს ეკრანი ისევ 60 ჰერცის ნიშნულზეა. ეს მდგომარეობა შესაძლოა მალე შეიცვალოს.
კომპანიის შიდა დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ iPhone 12 Pro-ს ეკრანის განახლების სიხშირე 120 ჰც-ს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია ლოგიკას ექვემდებარება, რადგან კომპანიამ უკვე გამოუშვა iPad Pro, რომლის ProMotion ეკრანს უკვე აქვს 120 ჰც-მდე კადრის განახლების სიხშირის მხარდაჭერა. ProMotion ტექნოლოგია თავად განსაზღვრას განახლების სიხშირეს იმის მიხედვით, თუ რა არის გამოსახული ეკრანზე. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიცდიათ 120 ჰერციანი ეკრანი, მაშინ გეტყვით, რომ ჩვეულებრივ ეკრანებთან შედარებით განსხვავება თვალშისაცემია.
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 6,1 დიუმიანი iPhone 12 Pro და 6,7 დიუმიანი iPhone Pro Max ახალ ProMotion დისპლეის მიიღებენ მაშინ, როცა ბიუჯეტური 5,4 და 6,1 დიუმიანი სმარტფონებში აქამდე ცნობილი 60 ჰერციანი ეკრანები შენარჩუნდება (დიახ, შემოდგომაზე ეფლი ოთხ ახალ სმარტფონს გამოუშვებს). ყველა ახალი iPhone ახალ OLED დისპლეის მიიღებს.
ახალი Pro მოდელები ასევე განახლებულ, უფრო ფართო ხედვის მქონე Face ID-ს მიიღებენ. iPhone 12 Pro კი ახალ, ზღვის ლურჯ ფერში იქნება წარმოდგენილი. ყველა Pro მოდელი უფრო მძლავრ აკუმულატორს და სამმაგ ოპტიკური ზუმის მხარდაჭერას მიიღებს.
უცნობია იმოქმედებს თუ არა პანდემია ახალი ფლაგმანების გამოსვლის თარიღზე. Wall Street Journal-ის ცნობით, შესაძლოა მიმდინარე მოვლენების გამო iPhone 12-ის გამოსვლამ ერთი თვით გადაიწიოს.
კომენტარები