Blush თქვენს ნამუშევრებში ლამაზი ილუსტრაციების დამატების შესაძლებლობას გაძლევთ. სხვადასხვა მხატვრის მიერ გაკეთებული ილუსტრაციები შესაძლოა თქვენი ნამუშევრის ნაწილად აქციოთ და მეტი უნიკალურობისთვის ისინი სურვილისამებრ შეცვალოთ კიდეც.

ფოტო: Blush

Blush-ის იდეა მის შემქმნელებს ზუსტად იზოლაციის დროს გაუჩნდათ და იგი უკვე ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

ყველა ილუსტრაცია თემატურად არის დახარისხებული, რაც სასურველი ილუსტრაციის ძიების პროცესს ჯეროვნად ამარტივებს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა მომხმარებლების კოლექციებით, რომლებიც მათ პორტფოლიოში მოიპოვება.

ნებისმიერი ილუსტრაციის სასურველი ფორმით ცვლილებისას თქვენ არ კარგავთ მის მნიშვნელობას და მას უფრო უნიკალურს ხდით. ფლაგინის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ ილუსტრაცია და ელვის სისწრაფით დაარედაქტიროთ ის ფერებისა და ფორმების უსასრულო კომბინაციების გამოყენებით.

ფოტო: Blush

რაც ყველაზე მთავარია, Blush ნებისმიერ ილუსტრაციას და მათი რედაქტირების საშუალებას სრულიად უფასოდ გთავაზობთ მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა სერვისს პირადი თუ კომერციული მიზნებისთვის. ილუსტრაციების რედაქტირებისა და მათი გამოყენებისთვის საკმარისია რამდენიმე კლიკით პირადი ანგარიში შექმნათ.

იმისთვის, რომ გამოიყენოთ ილუსტრაციები საკმარისია დარეგისტრირდეთ Blush.design-ზე, მარჯვენა ზედა კუთხეში გაიაროთ რეგისტრაცია (Sign Up). ამის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი თემატიკის ილუსტრაცია და თქვენი სურვილით შეურჩიოთ ობიექტებს ფერები და ფორმები, ვარცხნილობა, ტანსაცმელი, დგომისა თუ ჯდომის ფორმა და სხვა მრავალი.

გარდა ამისა ილუსტრაციების რედაქტორს აქვს Randomize ფუნქცია, რაც შემთხვევითობის პრინციპით თავად შეარჩევს ცვლილებებს. ილუსტრაციაზე თითოეული ობიექტი ცალ-ცალკე რედაქტირდება. პროცესი იმდენად მარტივი და გასაგებია, რომ მე პირველივე წუთებიდან, ზედმეტი ძიების გარეშე მივიღე სასურველი ილუსტრაცია, რომელსაც აქვე გაჩვენებთ.

ჩემი ნამუშევარი

ჩემი ნამუშევარი

ფოტო: Blush

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური სიახლეების გარეშე ცხოვრება ზოგჯერ წარმოუდგენელიცაა. ჩვენ ხშირად ვეძებთ ყოველდღიურობისთვის საჭირო აპლიკაციებსა თუ სერვისებს, რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად გვჭირდება.

Product Hunt ვებგვერდია, რომელიც ინოვაციების ერთგვარ გამოფენას ჰგავს. აქ პროდუქტები 4 მთავარ კატეგორიად იყოფა: ტექნოლოგიები (მობილური და ვებ-აპლიკაციები, მოწყობილობები და სხვა), თამაშები, წიგნები და პოდკასტები.

პლატფორმაზე საკუთარი პროდუქტის გამოქვეყნება ყველას შეუძლია, სხვები კი მას აფასებენ და ქულებს უწერენ. ჩვენ, ყოველ ორშაბათს, გასული კვირის განმავლობაში აღმოჩენილი ახალი პროდუქტებიდან ფავორიტს შევარჩევთ და გაგაცნობთ.