Elven Technologies: მეხანძრის მაღალტექნოლოგიური უნიფორმა
ქართველი დიზაინერები დედამიწის მოსახლეობის ტანსაცმელზე და მის დიზაინზე დაუღალავად შრომობენ, თუმცა, შესაძლოა, მომავალში ქართული წარმოების კოსმოსურმა უნიფორმამ უკვე მარსის კოლონიზატორებიც დაამშვენოს. გაიცანით Elven Technologies — სტარტაპი, რომელმაც ცეცხლგაუმტარი უნიფორმა შექმნა, მომავალში კი ისინი საკუთარი ტექნოლოგიის გამოყენებას კოსმოსში გეგმავენ.
როგორ გაჩნდა იდეა
"ისრაელში ჩემი 2 წლიანი სამედიცინო პრაქტიკის დროს, ძალიან განვიცდიდი იმ ფაქტს, რომ გარეთ საშინლად ცხელოდა. შესაბამისად, ყველა შენობაში იყო შექმნილი მშვენიერი გრილი გარემო, ჩართული იყო კონდიციონერი. შესაბამისად გამიჩნდა კითხვა — თუ არსებობს სახლის კონდიციონერები, რატომ არ არსებობს კონდიცირებადი ტანსაცმელი, რომელიც გარეთ ყოფნისას გამაგრილებს (ან სიცივის შემთხვევაში გამათბობს)?" — ყვება სტარტაპის დამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე.
შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში მან სამსახურიდან რამდენიმე სამედიცინო სისტემა წამოიღო, ერთმანეთს გადააბა მილები, ქირურგიული ძაფით და ინსტრუმენტებით შიგნიდან დააკერა მოძველებულ ჟილეტს. პირველი პროტოტიპის მორგების შემდეგ მან აღნიშნულ მილებში ცივი წყალი გაატარა — "ჰოი საოცრებავ, სხეულში გრილმა ჟრუანტელმა დამიარა."
ტექნოლოგიების მიქსი
ახალი თაობის კოსმოსური უნიფორმის შესაქმნელად სტარტაპი რამდენიმე ძირეული ტექნოლოგიის გაერთიანებას აპირებს.
"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ინოვაციას თითოეულ ტექნოლოგიაში და ამ ტექნოლოგიების გაერთიანებით ვიღებთ ახალ პროდუქტებს" — აცხადებს ვამეხი.
სპეციფიკური მასალების კომბინაციით შეიქმნა ცეცხლგაუმტარი უნიფორმა, რომელიც 30 წუთის განმავლობაში 1 200 გრადუს ცელსიუსს უძლებს.
ასეთი სახით მეხანძრეს საშუალებას აქვს შეუფერხებლად იმუშაოს ალმოდებულ შენობაში და სწრაფად და ეფექტურად გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე.
ამჟამად ბაზარზე არსებული მეხანძრის უნიფორმა ამ ტემპერატურის ალს 8-10 წამის განმავლობაში უძლებს, რის შემდეგაც მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები ვითარდება, რაც ამ ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელს ზრდის. ყველაფერთან ერთად მსგავსი უნიფორმების წონა 20-25 კგ-ს აღწევს, რაც გადახურებასთან და დეჰიდრატაციასთან ერთად მეხანძრეთა სწრაფ გადაღლას იწვევს.
ელვენში შექმნილი მეხანძრის უნიფორმა 30 წუთის განმავობაში უმაღლეს დაცვას უზრუნველყოფს, რაც სრულიად საკმარისია ადამიანების შენობიდან გამოსაყვანად.
"შესაბამისად ელვენის უნიფორმა სრულიად ცვლის მეხანძრეთა მუშაობის რუტინას, და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის პირველ პრიორიტეტად დაყენების შესაძლებლობას იძლევა." — აცხადებენ ელვენში.
გეგმა
ახალი უნიფორმის საცდელი ვერსია უკვე აწყობილი და გატესტილია. ამჟამად ელვენში აწყობენ მთლიან ქურთუკსა და შარვალს. მთლიანი უნიფორმა მზად 2020 წლის ბოლომდე იქნება, ხოლო 2021 წლის დასაწყისში ელვენი უნიფორმის ტესტირებას ქართველ მეხანძრეებთან ერთად, ჯერ ლაბორატორიულ, შემდეგ კი საველე პირობებში გეგმავს.
სამეცნიერო დონეზე პროდუქტის ეფექტიანობის დადასტურების შემდეგ სტარტაპი პროდუქტის მახასიათებლების მეხანძრეთა მოთხოვნებზე მორგებას აპირებს, რაც პროდუქტს ბაზარზე უფრო მოთხოვნადს და ამავდროულად სანდოს გახდის.
კომპანია მეხანძრის პირველ უნიფორმას 2021 წლის დასაწყისში გამოუშვებს, რომელიც მეხანძრეს მაღალი ტემპერატურის ალისგან 6-ჯერ უფრო ხანგრძლივად (1 წთ.) დაიცავს. მეორე ეტაპისთვის კი, 2022 წელს ბაზარზე გამოვა გაგრილების სისტემა, რომელიც ჩაინტეგრირდება ელვენის უნიფორმებში და ცეცხლგამძლეობას 30 წუთამდე გაზრდის.
სტარტაპს აღებული აქვს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი და ევროსაბჭოს 30 000 ევროს გრანტი.
სტარტაპი ელვენი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საშუალებით ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვისთვის განკუთვნილ პროდუქტებზეა ორიენტირებული. მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა ის ერთ-ერთი პროექტია, რომელზეც სტარტაპი ამჟამად მუშაობს.
სტარტაპი 2026 წლისთვის კოსმოსური კოსტიუმის შექმნასაც გეგმავს, რომელიც ადამიანს მთვარეზე, მარსზე და ზოგადად, ღია კოსმოსში აუცილებლად გამოადგება.
კომენტარები