ტოკიოს აკვარიუმი მოხალისეებს მორცხვ გველთევზებთან FaceTime-ით დარეკვას სთხოვს

ფოტო: Getty Images
კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები ყველასთვის საკმაოდ რთულია და გამონაკლისს არც გველთევზები წარმოადგენენ. ტოკიოში მდებარე სუმიდას აკვარიუმის გველთევზები ვიზიტორების არარსებობის გამო ძალიან მორცხვები გახდნენ, სწორედ ამიტომ, აკვარიუმმა ადამიანებს საკმაოდ უცნაური რამ სთხოვა — მათთან ვიდეოზარის განხორციელება.
აკვარიუმის მეთვალყურეებმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ იმალებიან გველთევზები ქვიშაში ადამიანის გამოჩენისას და მოსახლეობას დახმარებას სთხოვენ. ახლა კი, აკვარიუმი FaceTime-ის ვიდეოზარებით გველთევზების ადამიანებთან შეჩვევას ცდილობს.

ფოტო: Getty Images
ტოკიოში მდებარე სუმიდას აკვარიუმს 10 000 წყლის ცხოველი ყავს და ის ვიზიტორებისთვის ყოველდღე ღია იყო, შესაბამისად გველთევზები ადამიანებთან კონტაქტს შეჩვეულები იყვნენ.

თუმცა მას შემდეგ, რაც პირველ მარტს აკვარიუმი დაიკეტა, მეთვალყურეებმა შენიშნეს, რომ გველთევზები ადამიანების გამოჩენისას იმალებოდნენ და მორცხვობდნენ.
მეთვალყურეებმა გველთევზების შემოწმება უნდა შეძლონ, რათა მათი ჯანმრთელობა აკონტროლონ, ხოლო როდესაც ისინი დამალულები არიან, ეს პროცესი ძალიან რთულდება.

ურთიერთობის ნაკლებობის პრობლემა აკვარიუმმა FaceTime-ის მეშვეობით მოაგვარა — გველთევზები ადამიანების ნახვას ისევ შეძლებენ. პატარა აკვარიუმებში, სადაც გველთევზები არიან მოთავსებულები, პლანშეტები უკვე დააყენეს.

ფოტო: Reuters
iPad-ის და iPhone-ის გამოყენებით ვიდეოზარის განხორციელება 3-დან 5 მაისამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აკვარიუმში ვარაუდობენ, რომ ზარები საკმაოდ პოპულარული იქნება, სწორედ ამიტომ, ადამიანებს გველთევზების ონლაინ მონახულება მხოლოდ ხუთი წუთი შეეძლებათ.

ეს პაწაწინა გველთევზები წლებია, რაც იაპონიაში პოპულარულები არიან. იმდენად, რომ 11 ნოემბერი გველთევზების დღედ არის გამოცხადებული.
კომენტარები