STYX — ლოჯისტიკის ინოვაციური გადაწყვეტა საქართველოდან
პანდემიის პირობებში მთელი მსოფლიო ერთხმად თანხმდება, რომ პლანეტამ უდიდესი ლოჯისტიკური კოლაფსი განიცადა — დაირღვა მიწოდების ჯაჭვი, შემცირდა სამუშაო ადგილები. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ევროპის სუპერმარკეტში პროდუქტის გასაყიდი ფასის 30% ზუსტად გადაზიდვის საფასურს შეადგენს. ხშირად საბოლოო მყიდველისთვის ეს ფაქტი ყურადღების მიღმა რჩება, რის გამოც პროდუქტში არარეალური ფასის გადახდა გვიწევს.
სტარტაპის მოკლე ისტორია
თავდაპირველად, სამმა მეგობარმა STYX სტანდარტული გადაზიდვების კომპანიად დაარეგისტრირა, თუმცა დამფუძნებლები მალევე მიხვდნენ, რომ ლოჯისტიკა რეგიონალურ და ქართულ სათანადო IT გადაწყვეტას საჭიროებდა. მეგობრებმა ჩათვალეს, რომ სხვა გადამზიდავი კომპანიების მსგავსად ძვირადღირებული ოფისის, გაყიდვების დიდი გუნდის და სხვა თანმდევი ხარჯების დაფარვა ისევ მომხმარებელს მოუწევდა. ასეთი სახით, გადამზიდავი კომპანიების ბიუროკრატიისა და გაზრდილი ფასების გამო დაჩაგრული ისევ მყიდველი რჩებოდა. სტიქსი მომხმარებლისთვის გაცილებით ხელსაყრელი გზით წავიდა.
ინოვაციური ლოჯისტიკა
ლაშას განმარტებით, სტიქსი საკუთარ თავში არაერთ ინოვაციურ გადაწყვეტას აერთიანებს. პრაქტიკაში დანერგილის გარდა კომპანიის ორი კონცეპტუალური პროექტი მოიცავს ყველა იმ სერვისს, რომელიც ლოჯისტიკის ოპტიმიზაციის და მომავალში მისი ავტომატიზაციის იმედს იძლევა.
"ვფიქრობ, ტექნოლოგიის განვითარება უკვე იძლევა ბევრ სფეროში, მათ შორის ლოჯისტიკაშიც ადამიანური ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას... ჩვენ თავს ვუყრით ცოდნას, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში არსებობს და ამ წარმოუდგენლად ძლევამოსილ რესურს ლოჯისტიკის ავტომატიზაციისკენ მივმართავთ", — აცხადებს თანადამფუძნებელი ლაშა გორგოშიძე.
სტარტაპის პასუხი COVID-19-ს
სტიქსი არის პლატფორმა, რომელიც გადამზიდს და გამგზავნს არჩევანის საშუალებას აძლევს — გამგზავნი ირჩევს გადამზიდს და პირიქით, გადამზიდი ირჩევს მისთვის ყველაზე მოსახერხებელ შეკვეთას. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ორმხრივი შეფასების სისტემა, რაც ორივე მხარეს არჩევანის გაკეთებას უმარტივებს.
სტიქსის პლატფორმაზე გადამზიდად დარეგისტრირება ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია. ასეთი სახით კომპანიებს საკუთარი სატრანსპორტო რესურსის უკეთ გამოყენების საშუალება ეძლევა.
კომპანია საერთაშორისო და ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვების ოპტიმიზაციითა და გამარტივებით არის დაკავებული. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გაცილებით ადრე სტიქსის გუნდი სრულიად გადაეწყო ახალ რეალობაზე და საკუთარი თანამედროვე IT გადაწყვეტა COVID-19-თან ბრძოლისკენ მიმართა.
"შევძელით მომენტალურად აგვეწყო უნიკალური მიწოდების ჯაჭვი, რომელიც თბილისის შიგნით საკურიერო სერვისს სხვადასხვა კომპანიებს ყველაზე ეფექტურად მიაწვდიდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩდნენ საცალო ქსელებიც — მათ საკუთარი პროდუქტის ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა მოუწია. არავინ იყო მზად ასეთი ცვლილებისთვის. მაშინ, როდესაც უკლებლივ ყველა საკურიერო სერვისი გაძვირდა, ჩვენ კომპანიებს ახალი სქემა შევთავაზეთ, რომლის მიხედვითაც ქალაქის შიგნით ყველაზე შორ დისტანციაზე პროდუქციის მიწოდება მაქსიმუმ 6 ლარი ჯდებოდა.
ბევრი კომპანია გადავარჩინეთ კოლაფსს, მათ პროდუქტის ფასის გაძვირების გარეშე შეძლეს შემოსავლის დასტაბილურება, მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სამსახური და ნაკლები თანამშრომელი გაუშვეს უხელფასო შვებულებაში. ბიზნესს მივეცით საშუალება დრო მოეგოთ და საშეღავათო პერიოდში მიწოდების ჯაჭვი სწორად აეწყოთ. ფაქტობრივად ეს გადაწყვეტილება წარმოადგენდა ჰუმანიტარულ აქციას ეკონომიკის გადასარჩენად. მეტ ადამიანს მივეცით საშუალება სახლში დარჩენილიყო და ნაკლებად გასულიყო გარეთ. კვირაში ასობით ადამიანს ვამარაგებდით ანტისეპტიკური საშუალებებით, მედიკამენტებით, პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარებით, სურსათით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და ასე შემდეგ", — აცხადებს ლაშა.
ლაშას თქმით, სტიქსმა საკურიერო სერვისით 100-ზე მეტი ტაქსის მძღოლი დაასაქმა, რითაც მათ შემოსავლის შენარჩუნების საშუალება მისცა.
ბიზნესის ინოვაციური კონცეფცია
კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა კომპანიამ ასეთი სწრაფი ადაპტირება ახალ რეალობასთან, ლაშა გვპასუხობს: "ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რომ არა STYX-ის გუნდი, რომელიც მომენტალურად ადაპტირდა ახალი რეალობისთვის. სწორედ ეს არის სტარტაპის უპირატესობა, ჩვენ მოქნილები, პრაქტიკულები და პრაქტიკულად შეუჩერებლები ვართ."
ლაშას თქმით ინოვაციურია როგორც სტიქსის პროდუქტი, ისე მისი ბიზნეს მოდელი, გუნდის მიდგომები და კულტურაც კი — "მუდამ ვექსპერიმენტირებთ და არასდროს ვჩერდებით. ვმუშაობთ ყველგან და ყოველთვის."
პროექტს გავლილი აქვს არაერთი ვალიდაცია. საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც პროექტს სხვადასხვა საკონკურსო კომისიის ფორმატში აფასებდნენ დღემდე მუდმივ კავშირზე არიან და მხარს უჭერენ სტიქსს.
"ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება გავიზიაროთ, მუდამ ვსწავლობთ და ვიზრდებით."
პროდუქტის პროტოტიპი უკვე შექმნილია და გაიარა ტესტირება, რის შედეგადაც სტიქსმა დიდი მოცულობის უკუკავშირი მიიღო და განსაზღვრა ის, თუ რა სჭირდება მომხმარებელს.
სტიქსს ამჟამად ახალი საინვესტიციო რაუნდი აქვს, ხოლო ნოემბერში კომპანია ახალი ეტაპისთვის ემზადება. მანამდე კი ქართული სტარტაპი მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან განაგრძობს.
კომენტარები