ახალმა სადეზინფექციო ხსნარმა ზედაპირები, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დაიცვას
კვლევის მიხედვით, სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც MAP-1-ის სახელით არის ცნობილი, ეფექტიანად უმკლავდება ბაქტერიების და ვირუსების დიდ ნაწილს — მათ შორის COVID-19-ს. მისი გამოყენება ისეთ ზედაპირებზეა შესაძლებელი, როგორიცაა: მინა, რკინა, პლასტმასი, ტყავი და ნაჭერი. ახალი სადეზინფექციო ხსნარი ზედაპირებს COVID-19-ის ნაწილაკებისგან 90 დღის განმავლობაში დაიცავს.
ჩვეულებრივი სადეზინფექციო ხსნარები, რომელთა დიდი ნაწილი ალკოჰოლს შეიცავს, საკუთარ ანტიბაქტერიულ თვისებებს ძალიან მალე, აორთქლებისთანავე კარგავს. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევართა თქმით, ახალი სადეზინფექციო ხსნარი ჩვეულებრივისგან განსხვავებით ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ თვისებებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. ამის მისაღწევად გამოყენებულ იქნა თერმომგრძნობიარე პოლიმერი, რომელიც ტემპერატურის მომატებისას დამატებით სადეზინფექციო ნივთიერებას გამოყოფს. ტემპერატურის მატება კი შეხებისას ბუნებრივად ხდება.
ანტივირუსული სპრეი ჰონგ-კონგის მაღაზიეში, მაისში, წარმატებული კლინიკური ტესტირების შემდეგ გამოჩნდება. მის აქტიურ გამოყენებას სავაჭრო ცენტრებში, სკოლებში, ტაძრებსა და სპორტ დარბაზებში გეგმავენ. მკვლევართა თქმით, აღნიშნული სითხე ტოქსიკური არაა და ადამიანებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ბოლო მონაცემებით ჰონგ-კონგში ეპიდსიტუაცია შემსუბუქდა და უკვე რამდენიმე დღეა, რაც კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
კომენტარები