26 აპრილს ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები უხანში არ ფიქსირდება.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა მი ფენგმა განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი ვირუსის გარედან შემოტანის შემთხვევების კონტროლია. უხანში სამთვიანი კარანტინი 8 აპრილს დასრულდა და მოსახლეობას ნორმალური ცხოვრების დაბრუნების შანსი მიეცა. თუმცა ცხოვრების ახალი სტილი სავსეა გარკვეული აკრძალვებით — ლიმიტირებულია ხალხის ქალაქში გადაადგილება და, ასევე, მოწმდება მათი ტეპერატურაც.

25 აპრილისთვის ქალაქში COVID-19-ის 12 შემთხვევა ფიქსირდებოდა, მაგრამ არა ახალი ინფექციები. საერთო ჯამში, 26 აპრილის მონაცემებით უხანში COVID-19-ის 46 452 შემთხვევა და 3 869 დაღუპულია დაფიქსირებული.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და სახელმწიფოები ჩინეთს შემთხვევების სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ამან სხვა ერებს კორონავირუსისთვის მომზადება გაურთულა. ახლახან გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჩინეთში თებერვლის ბოლოს COVID-19-ით 232 000 ადამიანზე მეტი იყო ინფიცირებული. ოფიციალურად კი მხოლოდ 83 909 შემთხვევაა დადასტურებული.

აღსანიშნავია, რომ კარანტინის შემსუბუქება ევროპის ქვეყნებშიც დაიწყეს. ყველაზე მძიმე სიტუაციაში მყოფი ევროპის ორი ქვეყანა, იტალია და ესპანეთი შეზღუდვების შემსუბუქებას მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყებს. ასევე, აშშ-ში, რამდენიმე შტატმა კარანტინის მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო, რამდენიმემ კი განაცხადა, რომ აკრძალვები რამდენიმე კვირაში შემსუბუქდება.