პანდემიის გამო Tech Touch 2020 და სხვა ტექღონისძიებები ონლაინ ფორმატში გადადის
მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ასობით ტექნოლოგიური და სტარტაპ ღონისძიება დროებით გადაიდო ან საერთოდ აღარ იმართება.
საბედნიეროდ, ზოგ შემთხვევაში ტექნოლოგიური კონფერენციები და სტარტაპებისთვის საინტერეო ღონისძიებები დისტანციურ რეჟიმში მაინც ჩატარდება. საქართველოში, თბილისის სტარტაპ ბიუროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ონლაინ ჩატარდეს ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა Future Agro Challenge, FuckUp Nights და სხვა.
ასევე, საქართველოში მსხვილი ტექნოლოგიური ონლაინ კონფერენცია Tech Touch 2020 გაიმართება.
Tech Touch 2020 // Spring Edition
Touch პლატფორმაა, რომელიც სტუმრებს უკეთ აცნობს ტექნოლოგიებს, სტარტაპებს, შემოქმედებით ინდუსტრიებსა და ციფრულ ბიზნესს. აღნიშნულ ღონისძიებასთან ერთად პლატფორმა ითვალისწინებს სტარტაპების აქსელერაციას გლობალური ბაზრისთვის, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს და საჭირო ნეთვორქინგს პროფესიონალებთან და ბიზნეს ორგანიზაციებთან.
"ჩვენი სურვილია თაჩი ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ პლატფორმად, რომელიც ადამიანებს ციფრული ინდუსტრიების სწორ და ნაყოფიერ გამოყენებაში დაეხმარება" — აცხადებს კონფერენციის დამფუძნებელი ბექა ქვარცხავა.
ტექნოლოგიური ღონისძიება აქამდე ონლაინ რეჟიმში არ ჩატარებულა, რადგან კონფერენციის "განუყოფელი ნაწილი რეალური ისტორიებია, რისთვისაც ონლაინში გარემოს ადაპტირება რთულია".
ორგანიზატორის თქმით, ღონისძიება თავდაპირველად ბუნებასთან ახლოს უნდა ჩატარებულიყო, სადაც Tech Touch-ის მონაწილეებს საინტერესო აქტივობების ფართო არჩევანი დახვდებოდათ, როგორებიცაა იოგა, მედიტაციები, ჰაკათონი გელათის აკადემიაში და სხვა. ცხადია, დღეს ეს შეუძლებელია, თუმცა ორგანიზატორებმა გამოსავალს მაინც მიაგნეს: "ამ ეტაპისთვის ვტესტავთ ახალ აპლიკაციას, რომელიც მაქსიმალურად დაგვეხმარება ოფლაინში არსებული აქტივობების ონლაინ განხორციელებაში."
ონლიან ტექნოლოგიური კონფერენცია 300-ზე მეტი სტუმარს უმასპინძლებს, ხოლო სპიკერებს შორის იქნებიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან Facebook, Amazon, IBM, Google, Oracle და სხვები.
"მოვიცავთ ისეთ თემებს, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიქსი, მანქანური სწავლება, კიბერ უსაფრთხოება, ფინტექი, ელ-კომერცია. ტექ თაჩის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო დონის ჰაკათონი, რომელიც კიდევ უფრო დაეხმარება ახალგაზრდა პროფესიონალებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში."— აცხადებს ბექა.
Tech Touch 2020 გაიმართება 29-31 მაისს.
ღონისძიებების დისტანციურად ჩატარების რეჟიმზე გადავიდა სტარტაპ ბიუროც
Future Agro Challenge Georgia — იდეების შეჯიბრი ინოვატორებისთვის, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმით და აგროკულტურებით დაინტერესებული პირებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ღონისძიების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. Agro Challenge 25-26 აპრილს გაიმართება.
FuckUp Nights Tbilisi — გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. ღონისძიება 23 აპრილს ონლაინ რეჟიმში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ FuckUp Nights-ს საქართველოში დღეს 2 წელი შეუსრულდება, რასაც ონლაინ ღონისძიების სტუმრები დისტანციურად აღნიშნავენ.
მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე საუბრისას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი, მარიამ შარანგია აღნიშნავს: "ამ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც ყველაფერი ონლაინ რეჟიმში გადავიდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები არ შეჩერდეს და წარმატებით მოხდეს მათი გაციფრულება. აქ კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს როლი, რომელმაც ამ პროცესის ფასილიტაციაში აქტიური როლი მოირგო".
კომენტარები