1000 ელექტრონული პირბადე დღეში — ქართული სტარტაპის გეგმები
პანდემიის დაწყებისთანავე მსოფლიოში დამცავი პირბადეების დეფიციტი დაიწყო. დეფიციტის პარალელურად ჩატარდა კვლევა, რომელიც ამოწმებდა ამა თუ იმ სახეობის პირბადის ეფექტიანობას ვირუსისგან თავის დასაცავად. დეფიციტის შედეგად ადგილობრივი წარმოების პირბადეების წარმოება საქართველოშიც დაიწყო, თუმცა ამ სტატიაში საუბარი განსხვავებულ ტექნოლოგიაზე გვაქვს.
გაიცანით პირველი ქართული ელექტრონული პირბადე.
იდეის ავტორთან, დავით მიზანდართან საუბრისას ჩვენ დავინტერესდით, როგორ გაჩნდა ინოვაციური პირბადის იდეა. დავითი აშშ-ის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში დეველოპერად მუშაობის დროს სხვადასხვა ვირუსული ინფექციებისა და ბაქტერიების გასანადგურებლად ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან ერთად სხვადასხვა სიხშირის მაგნიტურ ტალღებს იყენებდა.
"როგორც კი პირბადეების დეფიციტი შეიქმნა გონებაში ავტომატურად რამდენიმე მეთოდი ერთანეთს დავუკავშირე და გადავწყვიტე ელექტრონული ნიღაბი შემექმნა", — ამბობს დავითი.
ტექნიკური აღწერილობა
ქართული წარმოების ელექტრონული პირბადე თავისი ტექნიკური მახასიათებლებითაც უნიკალურია.
პირბადეს ვირუსისგან დაცვის რამდენიმე მექანიზმი აქვს: ჰაერი გადის 5-შრიან ფილტრაციას, რა დროსაც პირბადე 0.1 მიკრონის ნაწილაკების 99%-ს აკავებს. ამის შემდეგ ჰაერი სპეციალურ მილაკს გაივლის, რომელშიც ჰაერის საბოლოო სტერილიზაციას 5 გერმიციდული ულტრაიისფერი ნათურა ახდენს. სუნთქვის გამარტივებისთვის პირბადეს ჰაერის ავტომატური მიწოდების სისტემაც აქვს. ნიღაბი მრავალჯერადი მოხმარებისაა და თითო დამუხტვიდან მისი ავტონომიური მუშაობის დრო 5-8 საათს შეადგენს.
იქმნება ასევე ელექტრონული პირბადის სპეციალური მოდელი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლის ერთადერთი განსხვავება გამოსუნთქული ჰაერის სტერილიზაციის შესაძლებლობაში მდგომარეობს, რათა "ექიმმა არ გადადოს ვირუსი პაციენტებს ან დანარჩენ პერსონალს, რისი მაგალითების მსოფლიოში უკვე უამრავია".
დღეს ცნობილია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება სხვადასხვა ვირუსზე, თუმცა დავითის თქმით, იგეგმება პირბადის კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, რაც მის ეფექტიანობას დაადასტურებს.
— არის თუ არა პროდუქტი უნიკალური?
"როგორც ვიცი, ანალოგები ჯერ მხოლოდ თეორიის დონეზე არსებობენ. გაყიდვაში მათ ვერ ნახავთ. უნდა ითქვას, რომ უბრალოდ ულტრაიისფერ სტერილიზაციას შედეგი არ მოაქვს, რადგან ჰაერის შესუნთქვას 0,5-1 წამამდე დრო სჭირდება. 500 მილილიტრი ჰაერის ასე მოკლე დროში სტერლიზიაცია მცირე ენერგიით წარმოუდგენელია, პირიქით ამან შეიძლება ვირუსის მუტაციაც კი გამოიწვიოს. პირბადის ეფექტიანობისთვის აუცილებელია რამდენიმე ბარიერის შექმნა", — გვპასუხობს დავითი
ფასი და გაყიდვების დაწყების დრო
ზუსტი საცალო ღირებულება ამჟამად უცნობია, თუმცა იდეის ავტორის თქმით, საქართველოს ბაზრისთვის პირბადის ღირებულება გაცილებით დაბალი იქნება.
"დარჩენილია რამდენიმე დღე....კომერციული ვერსიისთვის ყველაფერი მზად გვაქვს იმისთვის, რომ საწარმომ დღეში 1000-მდე ნიღაბი დაამზადოს. ველოდებით ტესტების ჩატარებას და ლაბორატორიის დასკვნას.“— აცხადებს დავითი.
კომენტარები