ქართველი ცოლ-ქმარი ხელოვნურ ინტელექტს COVID-19-ის გამოვლენას ასწავლის
სტატიაში გაგაცნობთ ანზორ ყუფარაძეს და მის მეუღლე ნატა სულაქველიძეს, რომლებიც ბოლო ორი წელია ხელოვნური ინტელექტის მედიცინასთან ადაპტაციაზე მუშაობენ.
პრობლემა
ექიმებთან გაზრდილმა მიმართიანობამ შეიძლება სამედიცინო პერსონალისა და რესურსების დეფიციტი გამოიწვიოს, რაც ჯანდაცვის სისტემისა და მთლიანად მოსახლეობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ნებაყოფლობითი ტესტირების მაღალი საფასური, სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ცოლ-ქმარი ხელოვნურ ინტელექტს უპირისპირებს, რაც კიდევ ერთ გამოწვევას, ტექნოლოგიის სამედიცინო სფერსოთან ადაპტაციის პროცესს უკავშირდება.
გადაწყვეტა
ანზორმა და ნატამ შექმნეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ფილტვების რენტგენის ფოტოს გაანალიზებასა და პნევმონიის გამოვლენას, ასევე პნევმონიის ტიპის კლასიფიცირებას ახორციელებს. აღნიშნული სერვისი COVID-19-ის გამოჩენამდე შეიქმნა, თუმცა დღეს აღნიშნული პროგრამა უკვე ვირუსის გამოვლენაშიც დაგვეხმარება.
"აქამდე ხელოვნური ინტელექტი მედიცინასთან არ მეგობრობდა, რადგან მცდარი დიაგნოზების გაცემის სიხშირე ჭარბობდა იმ შემთხვევაში, როცა ხელოვნურ ინტელექტს "ნასწავლი" არ ჰქონდა კონკრეტული დაავადება. ხელოვნურ ნეირონულ ქსელში ჩვენს მიერ გამოყენებული არქიტექტურა უნიკალურია იმ მხრივ, რომ მცირე მონაცემებეზე დაყრდნობით სწავლის შემდგომ შეუძლია იმაზე მაღალი სიზუსტე დადოს ტესტირების მონაცემებში, ვიდრე ამას მსოფლიოში არსებული ნებისმიერი სხვა ნეირონული ქსელი ახერხებს. შესაბამისად სამედიცინო შეცდომები თითქმის 0%-მდე დავიყვანეთ. ასეთი სახით აღარ არსებობს იმის შანსი, რომ აპლიკაციის გამო დაავადებული პაციენტი ჯანმრთელად გამოცხადდეს", — განმარტავს იდეის ავტორი.
ანზორის განცხადებით მაშინ, როცა სწრაფი ტესტის სიზუსტე 70-80%-ს არ აღემატება და პასუხის მიღებას 15 წუთი სჭირდება, ნეიროქსელის პასუხი 95%-იანი სიზუსტით 10 წამში ხდება ცნობილი. აღნიშნული პროგრამით ვირუსის გამოვლენა ინფიცირებიდან მე-5 დღეს არის შესაძლებელი და ამას ადასტურებს ექსპერიმენტი, რომელიც პაკისტანის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა და 15 პაციენტის ტესტირების შედეგად ყველას, 100%-იანი სიზუსტით კორონავირუსი დაუდგინდა.
სამომავლო გეგმები
ამ ეტაპზე დეველოპერები აღნიშნული პროგრამული გადაწყვეტის დახვეწასა და ნეიროქსელის სიზუსტის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომია პროგამის მხოლოდ საინსტალაციო ფაილი, თუმცა უახლოეს მომავალში სერვისს ვებ-ინტერფეისის მხარდაჭერაც დაემატება.
"ჯერ არ გაგვიკეთებია ონლაინ პლათფორმა, თუმცა ხელმისაწვდომია მომსახურება, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი რენტგენის სურათს პირდაპირ გამოგვიგზავნის. ჩვენი დონორი ორგანიზაციის სსიპ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი "ბიზნეს–ინკუბატორის" დირექტორმა ბატონმა ალუ გამახარიამ, გამოაქვეყნა აქცია, რომლის მიხედვითაც 21 აპრილის ჩათვლით დისტანციური სკრინინგის მომსახურება სრულიად უფასო იქნება."— აცხადებს ანზორი.
პროექტით მრავალი ორგანიზაცია თუ კერძო პირი დაინტერესდა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია SRD Ventures-თან, რომელიც აშშ-ში დაინტერსებულ პირებთან დაკავშირებას უზრუნველყოფს. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც, თუმცა იდეის ავტორების მიზანია სერვისის ფართო გამოყენება ჯერ საქართველოში დაიწყოს.
კომენტარები